ლევან რატიანი აცხადებს, რომ შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე დადებითია
ლევან რატიანი აცხადებს, რომ შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე დადებითია

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ სამ პაციენტთან დადებითი დინამიკა შეინიშნება.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სამივე მათგანთან მოხსნილია მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი.

„გუშინდელთან შეედარებით, დადებითი დინამიკა აღინიშნება. ორ მათგანთან წნევა გახდა სტაბილური, ანუ შოკის კლინიკა მოიხსნა. კლინიკურ-ლაბორატორიული მდგომარეობით და ასევე, ობიექტური მონაცემებით, პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე დადებითია. სამივე იმყოფება მართვით სუნთქვაზე. შემოსვლისას პაციენტების მდგომარეობა იყო კრიტიკული. კლინიკურად სახეზე იყო პოლიტრავმა, სიცოცხლესთან შეუსაბამო მდგომარეობით, რაც გულისხმობდა, რომ იყო მკვეთრი არასტაბილური გემორაგია, მძიმე ტრავმულ-გემორაგიული შოკი, ნევროლოგიური სტატუსით ფასდებოდა, როგორც სამი ქულა და სამივე მათგანთან იყო რესპირატორული სინდრომი. ამ ეტაპზე მოხსნილია მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის დიაგნოზი. ორ მათგანთან მოხსნილია ტრავმულ-გემორაგიული შოკის დიაგნოზი, ნევროლოგიური სტატუსი გაუმჯობესებულია. იმედია, ასეთი დადებითი კლინიკით გაგრძელდება მათი გამოჯანმრთელება“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან, კლდოვან ფერდობზე გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.