ლევან რატიანი - აჭარაში ყველა კლინიკა, სადაც ვიყავით, კოვიდცენტრის მართვის კრიტერიუმებს შეესაბამება
ლევან რატიანი - აჭარაში ყველა კლინიკა, სადაც ვიყავით, კოვიდცენტრის მართვის კრიტერიუმებს შეესაბამება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, აჭარაში ყველა კლინიკა, რომელიც დაათვალიერა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზითაა აღჭურვილი და კოვიდცენტრის მართვის კრიტერიუმებს შეესაბამება.

რატიანმა მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება რეკომენდაციების შესრულებაზე და აღნიშნა, რომ კორონავირუსისგან დაცვის ყველაზე ეფექტიანი საშუალება დღეს პირბადე და სოციალური დისტანციაა.

„მინდა, სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ აჭარაში ყველა კლინიკა, სადაც ვიყავით, მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვილია, შეესაბამება დღევანდელ კოვიდცენტრის მართვის კრიტერიუმებს. რაც შეიძლება მეტად უნდა დავიცვათ ჩვენი თავი და გარემო, ვინაიდან დღემდე არ არსებობს სამკურნალო საშუალება, არის მხოლოდ და მხოლოდ პირბადე და ფიზიკური დისტანცია. კრიტერიუმები უნდა შევასრულოთ და იმედია, აჭარა კოვიდინფექციისგან მალე გათავისუფლდება“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

ლევან რატიანის განმარტებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რამდენიმე დღეა, იმყოფება. რატიანი აღნიშნავს, რომ კლინიკა თანამედროვე ტექნიკურ-მატერიალური ბაზითაა აღჭურვილი.

„მართალია, კლინიკა ახალგახსნილია, მაგრამ აღჭურვილია ტექნიკურ-მატერიალური ბაზით, როგორც უნდა იყოს თანამედროვე კლინიკა. რაც შეეხება მედპერსონალს, ჰყავთ ძალიან კვალიფიციური და კარგი მედპერსონალი და მართვას შესანიშნავად ართმევენ თავს. მართვა ხდება ისეთი პროტოკოლით, რაც სამყაროშია“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

ლევან რატიანი რამდენიმედღიანი ვიზიტის შემდეგ, აჭარას დღეს დატოვებს. რეგიონში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აჭარის რეგიონში ლევან რატიანი კლინიკური კონსულტანტების გუნდთან ერთად ჩავიდა.