ლევან რატიანი - 80 წელს გადაცილებული პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი მკურნალობს. რატიანი აღნიშნავს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„გუშინ შემოვიდა 16 საეჭვო შემთხვევა. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ტესტებიდან მიღებული ყველა პასუხი, საბედნიეროდ, უარყოფითია. რაც შეეხება ოთხ პაციენტს, რომელიც არის ინფიცირებული, მათი მდგომარეობა დღეისათვის სტაბილურია“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.
მისივე თქმით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებულებს მარსელის საუნივერსიტეტო კლინიკის მიერ გამოყენებული პროტოკოლითა და გაიდლაინით მკურნალობენ.
„მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას ამ ეტაპზე სახელმწიფო პროტოკოლი არ აქვს მკურნალობის სტანდარტთან დაკავშირებით და ამიტომ, ჩვენი კლინიკა ხელმძღვანელობს მარსელის საუნივერსიტეტო კლინიკის მიერ გამოყენებული პროტოკოლითა და გაიდლაინით. აღნიშნული მკურნალობის ჩატარებამ მოგვცა კარგი ეფექტი. ოთხივე პაციენტის მდგომარეობა დადებითი კლინიკური სურათით ფასდება ამ ეტაპზე.
დღეს შეიკრიბება საკოორდინაციო საბჭო მკურნალობის თემასთან დაკავშირებით და გათვალისწინებული იქნება ჩვენს პროტოკოლში აღნიშნული მკურნალობის ტაქტიკა“, – აცხადებს ლევან რატიანი.
რაც შეეხება მარსელის ეფექტს, რატიანის თქმით, ის შეიმუშავეს პროტოკოლიდან გამომდინარე, რომელიც გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ ორი პრეპარატის მიღებას.
„ამ ორი პრეპარატის მიღების შედეგად, მათი კვლევის მიხედვით 95 პროცენტში მიიღეს გამოჯანმრთელება სრულიად მოკლე დროის პერიოდში, განისაზღვრება 10-დან 14 დღემდე ვირუსის ელიმინაცია. შიდა პროტოკოლი შევიმუშავეთ და ამ პროტოკოლით ვხელმძღვანელობთ დღემდე. პრეპარატების დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ლევან რატიანმა.
მისივე თქმით, 80 წელს გადაცილებული პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია.
„რაც შეეხება 80 წელს გადაცილებულ ქალს, ჩატარებული მკურნალობის შემდეგ, გასულია 24 საათი. მისი მდგომარეობა არის დადებითი დინამიკით. სუნთქვის უკმარისობის კლინიკური ხარისხი შემცირებულია. გუნება-განწყობილება აღნიშნულ პაციენტთან დადებითად ფასდება. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია“, – აცხადებს ლევან რატიანი.