ლევან რატიანი - 62 წლის პაციენტის მდგომარეობა, რომელიც მართვითი სუნთქვიდან მოიხსნა, სტაბილურია
ლევან რატიანი - 62 წლის პაციენტის მდგომარეობა, რომელიც მართვითი სუნთქვიდან მოიხსნა, სტაბილურია

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ ეტაპზე 62 პაციენტი იმყოფება, აქედან 38 დადასტურებული ახალი კორონავირუსის შემთხვევაა, დანარჩენი პაციენტები ლუგარის ლაბორატორიიდან ტესტირების პასუხებს ელოდებიან, – ამის შესახებ კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

„ქვეყანაში ყველაზე მძიმე პაციენტები, ამ ეტაპამდე ჩვენი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია. პაციენტი, 62 წლის ქალბატონი, რომელიც ჩვენს კლინიკაში შემოსულია დაახლოებით 10 დღის წინ, მოხსნილია მართვითი სუნთქვიდან. მდგომარეობა ამ ეტაპამდე არის სტაბილური, კონტაქტურია, ადეკვატურია, რჩება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, დაგეგმილია დამატებითი კლინიკურ-ლაბორატიული კვლევები და მდგომარეობის გაუმჯობესების შედეგად პაციენტი უახლოეს საათებში გადავა თერაპიის განყოფილებაში“, – განაცხადა რატიანმა.

ამასთან, მისი თქმით, 80 წლის ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპამდე მძიმეა, თუმცა ვიტალური პარამეტრები შენარჩუნებულია.

„რაც შეეხება დანარჩენი პაციენტების მდგომარეობას – პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან მეანგინეკოლოგიურ სამსახურში, ორი ორსული  ქალბატონია. აქედან პირველი არის 22 კვირის, მისი და ნაყოფის მდგომარეობა ამ ეტაპზე შეესაბამება ფიზიოლოგიურ მდგომარეობას; მეორე ორსული არის რვა კვირის, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია და ფიზიოლოგიურ პირობებში იმყოფება“, – განაცხადა რატიანმა.

ამასთან, კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, ბოლო 24 საათში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შესული პაციენტებიდან ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების შედეგად, რამდენიმეს კოვიდინფექციასთან ასოცირებული მწვავე პნევმონია დაუდასტურდა, რამდენიმე პაციენტთან კი, დადასტურდა მხოლოდ ინფექცია.