ლევან ნიკოლეიშვილი - ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზა მშვიდობიანი არჩევნებია
ლევან ნიკოლეიშვილი - ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზა მშვიდობიანი არჩევნებია

აქციას წინ ვერაფერი აღუდგება, თუ ის კანონის ფარგლებში იქნება განხორციელებული, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლევან ნიკოლეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ლევან ნიკოლეიშვილმა ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციებსა და პოლიტიკურ ძალებს შორის კონსესუსზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზა არის მშვიდობიანი არჩევნები.

„აქციას წინ ვერაფერი აღუდგება, თუ ის კანონის ფარგლებში იქნება განხორციელებული. მოგეხსენებათ, ოპოზიციას თავისი გეგმები აქვს და ამ შემთხვევაში, უკეთესი იქნებოდა, ეს გეგმები ემთხვეოდეს კანონიერ ფორმებს. პროტესტის ნებისმიერი გამოხატვის უფლება ჩვენს ქვეყანაში დაცულია. მეორე მხრივ, ძალიან ცუდი იქნება, თუ კონსესუსის საშუალება ხელისუფლებასა და ოპოზიციის გარკვეულ წარმომადგენლებს შორის ვერ გამოინახა. გარკვეულ წარმომადგენლებს ვამბობ, რადგან არის იქ ძალები, რომელთაც ხელს არ აძლევთ პროტესტის ასეთი ფორმები, მათ უფრო ურჩევნიათ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული დიალოგის რეჟიმში ყოფნა და გაგრძელება. ამას ასევე მიესალმებიან ჩვენი უცხოელი პარტნიორები. ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გამოსავალი და გზა მშვიდობიანი არჩევნებია“, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.