ლევან მურუსიძე - უზენაეს სასამართლოში გასამწესებლად წარდგენილი მოსამართლეებიდან ყველა არის ღირსეული და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
უზენაეს სასამართლოში გასამწესებლად პარლამენტისთვის წარდგენილი მოსამართლეებიდან ყველა არის ღირსეული და აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოსთვის შესაბამის კრიტერიუმებს, – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან გასაუბრებაზე განაცხადა.
„ახლა მთავარი არის შემდეგი საკითხი, რომ სასამართლო არ უნდა გარიონ პოლიტიკურ პროცესებში. წინასწარ არ შეიძლება, მოსამართლეებზე თქვა, რომ არის უმსგავსო და შეუფერებელი. ესენი არ არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები, ესენი მოსამართლეები არიან. იმსახურებენ იმას, რომ მოუსმინონ მათ პოზიციას, დაუსვან ნებისმიერი მწვავე შეკითხვა. თუ საზოგადოებას დარჩება განცდა, რომ ეს მოსამართლეები არიან უღირსები და ვერ პასუხობენ უზენაესი სასამართლოს სტანდარტს, მაშინ დარწმუნებული ვარ, პარლამენტი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ისინი მოსამართლეებად არ გამწესდებიან“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი მიმდინარე სესიაზე არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესების გადაწყვეტილებას.