ლევან მეხუზლა - ქართული ღვინის ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა და ადგილს პრემიუმ სეგმენტში იმკვიდრებს
2019 წელს ქართული ღვინის ექსპორტმა 94 მილიონი ბოთლი შეადგინა, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. 2020 წელს ეს ციფრი დიდი ალბათობით 100 მილიონ ბოთლზე ავა. 2018 წელთან შედარებით, გასულ წელს ღვინის ექსპორტი რაოდენობრივად რვა პროცენტით გაიზარდა და თანხობრივად ქვეყანაში 240 მილიონ დოლარამდე შემოსავალი შემოიტანა. ღვინის ფასის ზრდა კიდევ უფრო მაღალია და 16-17 პროცენტს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ქართული ღვინო ადგილს ნელ-ნელა პრემიუმ სეგმენტში იმკვიდრებს, რაც ქართული მეღვინეობის სამიზნე ბაზარია, – ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში ღვინის რეკორდული საექსპორტო მაჩვენებლები, მეღვინეობის დარგის პერსპექტივები და წელს დაგეგმილი საკნონმდებლო ცვლილებები განიხილეს. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გასულ 2019 წელს დადებითად აფასებს და თვლის, რომ ღვინის ექსპორტი უკვე ისეთ ზღვარზე გავიდა, როცა წლიური პროცენტული ზრდა ძალიან მაღალი აღარ იქნება, თუმცა ღვინო ნელ-ნელა პრემიუმ სეგმენტში დაიმკვიდრებს ადგილს.
„თვითონ ციფრი 94 მილიონი ბოთლი და ის ფაქტი, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია – ძალიან დადებითია და ბევრს მიანიშნებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ რაოდენობაზე გავედით, სადაც პროცენტებში გამოსახული ძალიან მაღალი ზრდა მოსალოდნელი არ არის და დაახლოებით 5-10 პროცენტის ფარგლებში შენარჩუნდება. 2020 წელს რაოდენობით 100 მილიონს უნდა გადავაჭარბოთ და კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ რაოდენობის რვაპროცენტიან ზრდას, რაც 2019 წლის ბოლოს დაფიქსირდა, ემატება 16-17 პროცენტიანი ზრდა ღირებულებაში – ანუ თანხა უფრო სწრაფად გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ საშუალო ფასი იზრდება და ქართული ღვინო ნელ-ნელა უახლოვდება და იმკვიდრებს ადგილს იმ პრემიუმ სეგმენტში, რაც ჩვენი სამიზნე ბაზარია“, – განაცხადა მეხუზლამ.
მისი განმარტებით, ფასის ზრდა საერთაშორისო ბაზარზე ქართულ ღვინოზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა, რაც თავის მხრივ, მისი ცნობადობის გაზრდაზე მრავალწლიანი მიზანმიმართული მუშაობის შედეგიც არის. გარდა ამისა, მოთხოვნა იზრდება ისეთ ბაზრებზე, სადაც მომხმარებელი გადახდისუნარიანია და იმპორტიორისთვის ქართული ღვინის ხარისხი ეჭვქვეშ არ დგას. მოთხოვნა იზრდება ქვევრის ღვინოზეც, რაც გლობალურ ბაზარზე საქართველოს უნიკალური შეთავაზებაა და ძვირია, თუმცა პროცენტულად ქვევრის ღვინის წილი ექსპორტში მაღალი არ არის.
„ნელ-ნელა დასავლეთის ბაზარი ამ ღვინოს ეჩვევა, რადგან თავიდან, მე ვიტყოდი მისი განსაკუთრებული გემოვნური თვისებების გამო, სიფრთხილით ეკიდებოდნენ ამ პროდუქტს, მაგრამ მას შემდეგ რაც აგემოვნებენ, ხვდებიან განსხვავებას. რაც მთავარია, ვცდილობთ, სწორად მივაწოდოთ ეს პროდუქტი. პირველ რიგში, სწორ მიწოდებაში ვგულისხმობთ იმას, რომ ეს კი კეთდება თეთრი ყურძნისგან, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ არის კლასიკური გაგებით თეთრი მშრალი ღვინო“, – განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.
მისი მოსაზრებით, საქართველო მიუხედავად იმისა, რომ უკვე შედის მსოფლიო ხუთეულში, მოცულობების მხრივ კონკურენციას ვერ გაუწევს წამყვან ქვეყნებს, რომლებიც მილიარდობით ბოთლს ყიდიან. ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზღვარი ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პროგნოზით, 150-200 მილიონი ბოთლია და კარგი იქნება, თუ დარგი აქცენტს საოჯახო ნიშური ღვინოებისა და კოოპერატივების განვითარებაზე გააკეთებს, რაც წვრილ მევენახეებს მოსავლის დაბინავების პრობლემას მოუგვარებს.
„რეალურად უკვე არის პრეცედენტი, რომ მაგალითად, რქაწითელის ჩაბარება საკმაოდ ჭირს, რადგან საექსპორტო მოთხოვნა უმეტესად წითელ ღვინოზეა. არის ქვევრის ღვინოც, მაგრამ ეს ნიშური უნიკალური პრემიუმ სეგმენტის ღვინოა. იმდენი რქაწითელი, რაც ჩვენ გვაქვს მთლიანად ქვევრის ღვინის სახით ექსპორტზე ვერ გადის. ერთ-ერთი გამოსავალია მცირე მარნები. ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საფრანგეთში, ამ დარგის წარმატების საფუძველი არის ოჯახური მარნები, რომლებსაც აქვთ სტაბილური ხარისხი და ზოგჯერ უნიკალური ღვინოც. ამაზე ყველა მევენახემ უნდა იფიქროს“, – განუცხადა ლევან მეხუზლამ „ბიზნესპარტნიორს“.