ლევან მაჭავარიანი - პრემიერმა მოუწოდა ელჩებს, ახალგაზრდებს, კანონზე საჯარო დისკუსია გაიმართოს, ეს დღემდე ვერ მოხდა, რაც ნიშნავს, რომ სიმართლე „ქართული ოცნების“ მხარეს არის
პრემიერ-მინისტრმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიის გამართვისკენ არაერთხელ მოუწოდა ელჩებს და ახალგაზრდებსაც, სამწუხაროდ, ეს შეხვედრები დღემდე ვერ შედგა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სიმართლე „ქართული ოცნების“ მხარეს არის.
„გამჭვირვალობის კანონი მხოლოდ „ენჯეო“ და მედიასექტორს ეხება. ავალდებულებს მხოლოდ დეკლარაციის შევსებას წელიწადში ერთხელ. არ უზღუდავს აბსოლუტურად არაფერს. ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში არის მხოლოდ ფულადი სანქციები, რომელიც არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. განსხვავებით იმ ქვეყნების ჩამონათვალისგან – თქვენ ეს ალბათ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ – სადაც ეს კანონი უკვე მოქმედებს. საფრანგეთმა მიიღო ახლა და კიდევ მალე მიიღებენ კანადა, თურქეთი. აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში ეს კანონი ფიზიკურ პირებსაც ეხებათ და ამ ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში ეს კანონი ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც. ჩვენ, სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოვისმინეთ ვერცერთი არგუმენტი, რატომ არის ეს კანონი ცუდი. თქვენ, მედიას მოგმართავთ, ან ენჯეოსექტორს, ან ოპოზიციონერებს, იმეორებთ, რომ ეს კანონი არის რუსული და არ შევიდეთ შინაარსში, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ გადავალთ „ქართული ოცნების“ მოედანზე და ჩვენ არ გვაწყობს შინაარსში შესვლა, ვიძახოთ, რომ არის რუსული კანონი“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, უცხოელი პარტნიორები ამბობენ, რომ კანონი არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს, თუმცა ვერავინ მოიყვანა არგუმენტი, რა ნაწილში ან რა მუხლში არ შეესაბამება.
„ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ მოუწოდა ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ელჩებს, რომ ხალხში არის ჭარბი ინტერესი ამ თემასთან დაკავშირებით, შესაბამისად, გავმართოთ საჯარო დისკუსია, სადაც თქვენ წარმოადგენთ თქვენს არგუმენტებს და ისინი წარმოადგენდნენ ისეთი ტიპის სამართლებრივ არგუმენტებს, რომლებიც ლოგიკური იქნებოდა, ჩვენ აუცილებლად ამას გავითვალისწინებდით კანონის მიღების დროს. სამწუხაროდ, ასეთი ტიპის შეხვედრა ვერ მოხდა. კიდევ იმასაც გაგახსენებთ, რომ ახალგაზრდებსაც მოუწოდა პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ, რომ გამოყავით ათამდე ახალგაზრდა, 2-3 თქვენთვის კომპეტენტურ ექსპერტთან ერთად და გავმართოთ საჯარო დისკუსიაო. ეს შეხვედრაც დღემდე ვერ შედგა. რაზე მეტყველებს ეს? ეს მეტყველებს იმაზე, რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.