ლევან მაჭავარიანი - ოპოზიციისა და გარე მფარველების დღის წესრიგი რევოლუციურ სცენარზეა აგებული, მათი მიზანია, ქვეყანა რევოლუციამდე მიიყვანონ, მაგრამ სახელმწიფო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან
ოპოზიციისა და მათი გარე მფარველების დღის წესრიგი რევოლუციურ სცენარზეა აგებული, მათი მიზანია, ქვეყანა რამენაირად რევოლუციამდე მიიყვანონ, მაგრამ სახელმწიფო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანს კითხვა დაუსვეს პარტია „ახალის“ ლიდერ ნიკა გვარამიას განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ვის აინტერესებს, რას გამოაცხადებს ცესკო? ცესკო სულ იტყუება, მთავარია, ხალხი რას გრძნობს“.
„საინტერესოა, გვარამია ამ ყველაფერს სხეულის რომელი ნაწილით გრძნობს? – ეს ყველაფერი „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნას ემთხვევა, სადაც იგივე რიტორიკა შემოგვთავაზეს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, „ქართული ოცნება“ რა ანგარიშით გაიმარჯვებს, ამ შედეგებს აღიარებენ თუ არა საერთაშორისო დამკვირვებლები. ისინი რადიკალურ ოპოზიციას იმ გაიდლაინს სთავაზობენ, რაც მთლიანად აგებულია სამოქალაქო დაპირისპირებასა და აქციებზე. ოპოზიციისა და მათი გარე მფარველების დღის წესრიგი რევოლუციურ სცენარზეა აგებული. „ქართული ოცნება“ საარჩევნო ველზე აქტიურად მუშაობს, ოპოზიცია კი ველზე საერთოდ არ ჩანს და მათი კამპანია იმაზეა აგებული, უცხოეთიდან ვინ რა ციტატას ავრცელებს. ფონის დაძაბვას ცდილობენ, რადგან 26 ოქტომბერს როცა შეიტყობენ, რამხელა ანგარიშით არიან დამარცხებული, ეცადონ, ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ. მათი მიზანია, ქვეყანა რამენაირად რევოლუციამდე მიიყვანონ, მაგრამ სახელმწიფო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან პრევენციისთვის და ყველაფერს მკაცრი პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.