ლევან მაჭავარიანი - მიხაელ როთი ვიდრე შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის გულწრფელ ბოდიშს არ მოიხდის, მასთან შეხვედრა დღის წესრიგში ვერ დადგება
ლევან მაჭავარიანი - მიხაელ როთი ვიდრე შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის გულწრფელ ბოდიშს არ მოიხდის, მასთან შეხვედრა დღის წესრიგში ვერ დადგება

მიხაელ როთი ვიდრე იმ შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის გულწრფელ ბოდიშს არ მოიხდის, შეუძლებელია, მასთან შეხვედრა დღის წესრიგში ვერ დადგება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, საქართველოში მიხაელ როთის ვიზიტი ემსახურება იმას, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდეს.

„როგორც ეს მისი წინა ვიზიტის დროს მოხდა, აქციაზე გამოვიდა და ისეთი შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა, რომ ვიდრე გულწრფელ ბოდიშს არ მოუხდის სახელმწიფოს და ქართველ ხალხს, გამორიცხულია, ჩვენი რომელიმე მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურის მხრიდან როთთან რაიმე ტიპის შეხვედრა შედგეს. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პოლიტიკოსი იქნება ეს, რადგან ამ კაცმა ჩვენ და ქართველ ხალხს შეურაცხყოფა მოგვაყენა, ცუდ კონტექსტში მოიხსენია მართლმადიდებლობა, რომელიც არის ჩვენი თვითმყოფადობის ძირითადი საყრდენი. ბოდიშის გარეშე შეუძლებელია, ჩვენი მხრიდან რაიმე ნაბიჯი გადაიდგას და შეხვედრაზე დავთანხმდეთ. ბოდიშს ვიდრე არ მოიხდის, მასთან შეხვედრა დღის წესრიგში ვერ დადგება“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მიმდინარე წლის 14 მაისს საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა პრესკონფერენციაზე განაცხადა: „როგორ შეძლებთ, შექმნათ ნათელი მომავალი ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის უახლოესი მოკავშირეა? კარგი, სცადეთ“.