ლევან კობერიძე - პოლიტიკური ველი ბიზნესველისგან განსხვავებულია და პოლიტიკაში მამუკა ხაზარაძის გადასვლა დასაფიქრებელი იქნება
პოლიტიკური ველი ბიზნესველისგან განსხვავებულია და პოლიტიკაში მამუკა ხაზარაძის გადასვლა საკმაოდ დასაფიქრებელი იქნება, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ განაცხადა.
ამასთან, როგორც მან ჟურნალისტებს შესაბამის კითხვაზე განუცხადა, მასთან ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილსა და მამუკა ხაზარაძეს ახალ მოძრაობაში გაერთიანებაზე არანაირი კონსულტაციები არ ჰქონიათ.
„ქვეყნის კეთილმოსურნე, პროგრესული ადამიანების მხრიდან საზოგადოებრივ აქტივობას ყოველთვის მივესალმები. თუ უახლოეს ისტორიას გადახედავთ, გაგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებაში მონაწილეობა ერთხელ უკვე მიიღო, თუმცა პოლიტიკაში არ შესულა. მაღალი რეპუტაციის მქონე ადამიანების მხრიდან საზოგადოებრივი აქტივობა ძალიან კარგია, მაგრამ მის საბოლოო განაცხადს უნდა დაველოდოთ, რომ პოლიტიკაში შემოდის. კონკრეტულ კომენტარის გაკეთება ამის შემდეგ შემეძლება. კერძოდ, თუ ხაზარაძე პოლიტიკაში შემოსვლას გადაწყვეტს და მეცოდინება, რა გეგმები და რა მიზნები ექნება, ამის შემდეგ უკვე შემეძლება კონკრეტული პასუხი გითხრათ, განვიხილავ თუ არა შესაძლებლობას თანამშრომლობის. პიროვნული თვალსაზრისით, მამუკა ხაზარაძეს დიდი ხანია, ვიცნობ. მას ვიცნობ, როგორც სწორი ღირებულებების მქონე, პროგრესულ პიროვნებას, თუმცა ეს ყველაფერი რამდენად იქნება საფუძველი, რომ პოლიტიკაში შემოვიდეს, ეს არ ვიცი. პოლიტიკური ველი ბიზნესველისგან აბსოლუტურად განსხვავებულია და პოლიტიკაში მისი გადასვლა დასაფიქრებელი იქნება”, – განაცხადა დეპუტატმა.
კობერიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დღის წესრიგი შესაცვლელია და ორპოლუსიანობა უნდა დასრულდეს, რაზეც ყველა თანხმდება.
„მოსახლეობას ორი ძალა აღარ უნდა, რომელიც ყველაფერს ერთმანეთს აბრალებს და ქვეყანა წინ არ მიდის. პოლიტიკური სპექტრი რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება, მით უკეთესია. „ქართული ოცნებიდან” გამოვედი და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას იმ ღირებულებებზე დაფუძნებით ვაპირებ, რომელმაც რაღაც ჯგუფი უნდა გააერთიანოს, რათა ადამიანებს ერთით მეტი არჩევანი ჰქონდეთ. ვინც მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში ნაბიჯის გადადგმა შეუძლია, მისასალმებელი იქნება მათი მოსვლა“, – აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე შეფასებით, რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება არჩევანი, მით უკეთესია ქვეყნის პოლიტიკური მომავლისთვის.
„რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება არჩევანი, მით უკეთესი ქვეყნის პოლიტიკური მომავლისთვის, მათ შორის, თუ ესენი იქნებიან გიორგი კვირიკაშვილი, მამუკა ხაზარაძე ან სხვა, ვისაც შეუძლია, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი აწიოს და მოსახლეობას მისთვის საინტერესო შესთავაზოს. თუ ასეთი ძალები გამოჩნდებიან, კარგი იქნება“, – დასძინა კობერიძემ.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს განაცხადა, რომ სექტემბერში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს. „მიზანშეწონილად მივიჩნევ, ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ისინი, ვისაც გააერთიანებს საქართველოში თანამედროვე დასავლური ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობის იდეა, რომელსაც ექნება ყველაზე კონკურენტული და ძლიერი ეკონომიკა რეგიონში და სადაც იზეიმებს კანონის უზენაესობა“, – დაწერა „ფეისბუქის“ გვერდზე მამუკა ხაზარაძემ.