ლევან კობერიძე - ნათია მეზვრიშვილის გადასაწყვეტი არ არის, რაზე იშფოთებს დეპუტაცია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ კანაფის წარმოება-კულტივაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები გაიწვიოს.
ლევან კობერიძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადება ძალიან უკვირს, რადგან საზედამხედველო ფუნქცია პარლამენტს აკისრია.
„მისი გადასაწყვეტი არ არის, თუნდაც ერთი, ოთხი ან მთელი დეპუტაცია რაზე იშფოთებს. ეს არის საკითხი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აღელვებს. ამაზე პასუხი არჩევნებში ხმების დაკლებით მივიღეთ. ამის ერთ-ერთი მიზეზი მარიხუანის კულტივაციის საკითხი იყო. მთავრობას მოვუწოდებთ, კანონპროექტი გაიწვიოს, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში ზიანის მომტანია მსგავსი სახის კანონპროექტის არსებობა პარლამენტში. გაწვევა იქნება ნაბიჯი, რითაც მოსახლეობას დავუდასტურებთ, რომ მათი გვესმის და კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ“, – განაცხადა კობერიძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ პოზიციას ბევრი დეპუტატი იზიარებს.
„ახლა ბურთი მთავრობის მოედანზეა, მათ გადაწყვეტილებას ველოდებით“, – დასძინა კობერიძემ.
როგორც ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, კანონპროექტის გაწვევაზე ინიციატივა ოთხმა დეპუტატმა წარადგინა. „გაწვევას თავისი პროცედურები აქვს. კანონპროექტის ავტორია მთავრობა, თუ მთავრობა გაწვევის გადაწყვეტილებას მიიღებს, გაწვეული იქნება. ამ ეტაპზე, კანონპროექტის განხილვა დღის წესრიგში საერთოდ არ დგას. ამიტომ, ამ საკითხზე რაღაც შფოთვები სრულიად უადგილოა“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.