ლევან კობერიძე - მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვები მაქვს და ამ ნაბიჯებზე ძალიან მალე ვისაუბრებ
ლევან კობერიძე - მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვები მაქვს და ამ ნაბიჯებზე ძალიან მალე ვისაუბრებ

არავისთან ალიანში შესვლას არ ვაპირებ, ვაპირებ გავაგრძელო პოლიტიკური ძალიან აქტიური ცხოვრება და საქმიანობა, კონკრეტული გეგმები მაქვს, – ამის შესახებ დეპუტატმა, ლევან კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შემდეგ განაცხადა.

როგორც ლევან კობერიძემ განაცხადა, დღეიდან პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსი ექნება.

„პროცესს გავემიჯნე, მივიღე გადაწყვეტილება და საპარლამენტო უმრავლესობის რიგები დავტოვე. „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტზე მე ადრეც ვაფიქსირებდი, რომ ჩემთვის წყალგამყოფია. არამარტო კანონპროექტი, არამედ მთლიანად პროცესის ფორმა ამ თემასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილება ამიტომ მივიღე. კიდევ არსებობს გარკვეული საკითხები, რომელიც ჯამში ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა. ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი ვისთან ვიქნები, იქნება ეს ეკა ბესელია, თუ კობა ნარჩემაშვილი და ნებისმიერი სხვა დეპუტატი. მე მკაფიოდ ჩამოყალიბებული მოსაზრებები და ხედვები მაქვს, თუ რა სჭირდება ჩვენ მოსახლეობას და ამ ნაბიჯებზე ძალიან მალე ვისაუბრებ. დღეს მე ამ გადაწყვეტილებით რეალურად აქტიურ პოლიტიკურ ფაზაში შევდივარ“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

დეპუტატის თქმით, მისი გადაწყვეტილების შესახებ პარტიის თავმჯდომარე ინფორმირებულია.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ გიორგი კვირიკაშვილთან იყო, ლევან კობერიძემ აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკიდან დიდი ხანია წასულია და მას თავის გადაწყვეტილება მიღებული აქვს.

„მე მის თანამოაზრედ ვითვლებოდი და როდესაც 2016 წელს პარლამენტში მოვედი, მისი თანამოაზრე ვიყავი“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.