ლევან კობერიძე - დიდი მნიშვნელობა აქვს კომერციული არხებისთვის სარეკლამო ბაზარზე თანაბარ უფლებებს, რათა დამოუკიდებელმა მედიამ შეძლოს, იარსებოს და შესაბამისად გააკეთოს ობიექტური გადაცემები
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევა კობერიძე აცხადებს, რომ თუ მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრების შენიშვნები გათვალისწინებული თუ არ იქნება, კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ.
როგორც ლევან კობერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სარეკლამო ბაზარი ისედაც მყიფეა და დიდი მნიშვნელობა აქვს, სხვა კომერციული არხებისთვის სარეკლამო ბაზარზე თანაბარი უფლებები იყოს.
“კომერციულ რეკლამასთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, რომ ეს ბაზარი ისედაც მყიფეა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სხვა კომერციული არხებისთვის სარეკლამო ბაზარზე თანაბარ უფლებებს და სარეკლამო ბაზრიდან მიღებულ შემოსავლებს, რადგან დამოუკიდებელმა მედიამ შეძლოს, იარსებოს და შესაბამისად გააკეთოს ობიექტური გადაცემები. ვფიქრობ, ამ ნაწილში ალბათ საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციულ რეკლამის კიდევ დამატებით მიცემის საშუალება, მაშინ როდესაც ისედაც აქვთ სპორტულ გადაცემებში ეს უფლება”, – განაცხადა ლევან კობერიძემ.
რაც შეეხება სტარტაპებს, როგორც ლევან კობერიძემ აღნიშნა, სახელმწიფოს უკვე აქვს სტარტაპების საკმაოდ წარმატებული პრაქტიკა და მის ადგილს საზოგადოებრივ მაუწყებელში ვეღარ ხედავს.
“ჩემი აზრით, ეს მუხლი ამოსაღებია ამ კანონპროექტიდან. ამასთან ერთად, არის კიდევ სხვა დამატებით კითხვები, რომლებზეც ჩვენ კომიტეტის ფარგლებშიც საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ. დიდი იმედი მაქვს, რომ მეორე მოსმენამდე ან კანონპროექტის ეს საკითხები იქნება შეჯერებული და გათვალისწინებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი კომიტეტის მეორე მოსმენით ამ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს”, – განაცხადა ლევან კობერიძემ.
პარლამენტის სხდომაზე დღეს “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს. კანონპროექტის ცვლილებები დეპუტატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ წარუდგინა.