ლევან კობერიძე - ჩვენი ხელისუფლებისთვის ყოველი ადამიანის სიცოცხლის თითოეული დღე მნიშვნელოვანია
ლევან კობერიძე - ჩვენი ხელისუფლებისთვის ყოველი ადამიანის სიცოცხლის თითოეული დღე მნიშვნელოვანია

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე გიორგი ვაშაძის განცხადებას ამორალურს უწოდებს.

„ჯანდაცვის პოლიტიკიდან გამომდინარე, ბიუჯეტში, რომელიც პარლამენტში განიხილება, 20 მილიონამდე არის გაზრდილი ვაქცინაციის პროგრამების დაფინანსება, რომელიც მიმდინარეობს ზუსტად ევროპული ვაქცინაციის პროგრამების კალენდრის მიხედვით. ეს თანხა არის მნიშვნელოვნად, რამდენიმეჯერ გაზრდილი და აბსოლუტურად შეესაბამება ევროპულ სტანდარტს. ასევე არის ადრეული სკრინინგის პროგრამა, მათ შორის სიმსივნური დაავადებების შემთხვევაში. ბიუჯეტში ორ მილიონ ლარზე მეტია დათვლილი ამასთან დაკავშირებით, ხოლო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას რაც შეეხება, საზოგადოებამ კარგად იცის, რამდენად ეფექტიანად მიმდინარეობს ეს პროგრამა”, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის სწორედ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

„ჩვენთვის თითოეული ადამიანის არა თუ სიცოცხლე, არამედ მათი სიცოცხლის თითოეული დღე მნიშვნელოვანია. მათი მიდგომა იყო, როდესაც ადამიანები უსახსრობის გამო ბინებს ყიდდნენ, მათ შორის სიმსივნური დაავადებების გამო, ალომბარდებდნენ და ძალიან ბევრი მათგანი იღუპებოდა კიდეც. დღეისათვის იმ პირობებში, რისი საშუალებაც აქვს საქართველოს ეკონომიკას, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ იგი მიმართული იყოს ადამიანზე, მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე”, – განაცხადა კობერიძემ.

გიორგი ვაშაძემ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ განაცხადა: „სიმსივნით დაავადებულ ადამიანს ვმკურნალობთ ქიმიოთერაპიით, როცა ვიცით, რომ ამან შეიძლება ექვსი თვით გაუხანგრძლივოს ცხოვრება, მაგრამ ამის ნახევარს არ ვხარჯავთ, რომ ამ ადამიანს სიმსივნე არ დაემართოს“.