ლევან კობერიძე - არჩევნების თარიღზე ბრალდებები ემსახურება ოპოზიციის დღის წესრიგს, რომ „ქართული ოცნება“ ნებისმიერ საკითხზე დაადანაშაულონ
ლევან კობერიძე - არჩევნების თარიღზე ბრალდებები ემსახურება ოპოზიციის დღის წესრიგს, რომ „ქართული ოცნება“ ნებისმიერ საკითხზე დაადანაშაულონ

კანონმდებლობაში არ არსებობს ჩანაწერი, სადაც მითითებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არ შეიძლება, ოთხშაბათ დღეს დაინიშნოს, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ლევან კობერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების თარიღთან დაკაშირებული ბრალდებები ოპოზიციის დღის წესრიგის ნაწილია.

„სიამოვნებით მოვისმენდი, თუ ვინმე მაჩვენებს ან წამაკითხებს საკანონმდებლო ნორმას, რომელშიც წერია, რომ მეორე ტურში ოთხშაბათ დღეს არ შეიძლება არჩევნების დანიშვნა. მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს. ეს ბრალდებები ემსახურება მათ დღის წესრიგს, რომ „ქართული ოცნება“ ნებისმიერ საკითხზე დაადანაშაულონ. ყველაფერი კეთდება, რომ ყველამ შეძლოს არჩევნებში ხმის მიცემა. საზღვარგარეთ უბნებზე დაშვებული იქნება ღამის 12 საათამდე ხმის მიცემის პროცედურა და ყველას ექნება შესაძლებლობა, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღოს. მეორე ტურის დღე გამოცხადდება არასამუშაო დღედ მთელი საქართველოს მასშტაბით“, – განაცხადა კობერიძემ.

ამასთან, მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ თავის თავს ეწინააღმდეგება, როცა ერთი მხრივ ამბობს, რომ კანონით აკრძალულია პრეზიდენტის არჩევა სამუშაო დღეს, ხოლო მეორე მხრივ, ამბობს, რომ მეორე ტურზე მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს, თუმცა სასურველია არჩევნები კვირას ჩატარდეს.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გუშინ გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი, სადაც ცესკო-მ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები ოფიციალურად შეაჯამა. 28 ნოემბერი ოთხშაბათი დღეა, რომელიც უქმედ გამოცხადდება.