ლევან კობერიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს არჩევნების გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა
ლევან კობერიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს არჩევნების გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა

„ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან კობერიძის განცხადებით, ევროპარლამენტმა საქართველოს არჩევნების გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

როგორც ჟურნალისტებს კობერიძემ განუცხადა, დემოკრატიული არჩევნების ნაწილია, როცა ყველა პარტია საჯაროდ გამოდის, დებატები იმართება, მხარეები თავიანთ პროგრამებს წარადგენენ და ქვეყნის მომავალტან დაკავშირებით ჯანსაღი მსჯელობა მიმდინარეობს.

„ამაზე „ქართული ოცნება“ რეალურად უარს ამბობს, არც ერთ დებატში არ უნდა მონაწილეობა. არათუ, პოლიტიკურ ოპონენტებთან დებატებში არ მონაწილეობს, არამედ უბრალოდ, ტელევიზიებსაც კი უარს ეუბნება თავისი შეხედულებისამებრ. როგორც ჩანს, გარკვეულ ტელევიზიებში თავს კომფორტულად გრძნობენ, დანარჩენს კი აიგნორებენ. რუსეთში ასე სწორედ პრორუსული პარტიები იქცევიან. ცდილობენ, ცალმხრივად გამოჩნდნენ თავიანთი პროპაგანდის ტელევიზიებში და არ უნდათ ოპონირება.

რაც შეეხება პოლიტიკური პატიმრების თემას და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ შეფასებებს, ძალიან მწყდება გული და სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით ევროპარლამენტარების მხრიდან მსგავსი ტიპის შეფასებებია. სიმართლე გითხრათ, კონკრეტულად „ქართული ოცნების“ ან ბიძინა ივანიშვილის იმიჯს არ დავეძებ, მაგრამ ეს მთლიანობაში ქვეყნის იმიჯზე ცუდად აისახება. როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და ევროპელი კოლეგები უკვე ასე ხმამაღლა საუბრობენ ამ პრობლემაზე, მგონი, დროა, თითოეულმა მოქალაქემ ეს სიტყვები კარგად მოვისმინოთ, სწორად შევაფასოთ და არჩევნებში შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღოთ“, – განაცხადა კობერიძემ.