ლევან ხაბეიშვილი - უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთი ჭორი მოგვიყვა
სუს-ი ჭორბიურო რომ არ იყოს და მართლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყოს, ბოდვას კი არ მოყვებოდა, იმოქმედებდა და იტყოდა, ვისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სუს-ის დღევანდელი განცხადება ემსახურება საზოგადოების დაშინებას.
„ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთი ჭორი მოგვიყვა. ფაქტობრივად, ჭორბიუროს დაემსგავსა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ეს სამსახური რომ არ არსებობს, იქიდანაც გაიგო საზოგადოებამ, რომ ტრუსკავეცში ეძებდნენ სააკაშვილს, როდესაც მცხეთაში იყო. დღეს მათი განცხადება სასაცილოც არ არის, იმდენად ტრაგიკულია. ამ ბრიფინგზე თქვეს, რომ ოპოზიცია აქციებს აპირებსო, დიახ, აპირებს, თქვეს, რომ სხვადასხვა რეგიონში და მათ შორის დედაქალაქში სხვადასხვა დაწესებულებებთან. მე შემიძლია, დავადასტურო, დიახ, ასე იქნება. თქვეს, პერმანენტულ აქციებს აპირებენ რუსთავშიო, დიახ, ამაზე ჩვენ პირადად ვსაუბრობთ. ყველაზე მძიმე რაც არის, თქვეს, რომ ვიღაცის მოკვლას აპირებენო, დაველოდებით, ჯერ მოკლანო და მერე დავაკავებთო, დაახლოებით ასეთი რამ გვითხრეს. ეს რომ ჭორბიურო არ იყოს და მართლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყოს, ამისთანა ბოდვას კი არ მოყვებოდა, იმოქმედებდა და კონკრეტულ ადამიანს იტყოდა, ვის ლიკვიდაციას გეგმავდნენ. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანის მკვლელობა იგეგმებოდეს, ამას ბრიფინგით ვიგებდეთ და დამნაშავე არავინ არ არის. ვიღაც ხომ უნდა გეგმავდეს ე.ი. მათ, რაღაც ტლუ თავებში მოიხარშა, შესაბამისად, ეს ემსახურება ერთ რაღაცას, ვიღაც შეაშინონ, საზოგადოება დააშინონ და ა.შ. ცხრა წელია, გადატრიალების მცდელობას ეძებენ ოპოზიციური მიმართულებით, რა ვერ ნახეს, ყოველ ჯერზე საქმეებს აღძრავენ, რომელიც უკავშირდება გადატრიალებას და ამბოხს. ამასობაში, არ დაგვავიწყდეს, გადატრიალებაც და ამბოხიც თავად მათ შორის სუს-მა მოუწყო, როცა არჩევანის უფლება წაართვა ცემა-ტყეპით, მოსყიდვით დაშინებით“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, აქციებს პერმანენტულად გააგრძელებენ და არ დაიშლებიან.
„ვაპირებთ, ბოლომდე ვიბრძოლოთ და ვაპირებთ, ეს აქციები იყოს მხოლოდ წინააღმდეგობრივი, რაც კანონითა და კონსტიტუციით გვაქვს გათვალისწინებული. რა თქმა უნდა, ჩვენ კონსტიტუციით გვაქვს გათვალისწინებული, რომ ესა თუ ის აქცია საჯარო დაწესებულებასთან გავმართოთ, თუ საჭირო იქნება, პიკეტირებაც გავმართოთ. ამიტომ კანონის კონსტრუქციის ფარგლებში, მშვიდობიანი გზით, მხოლოდ წინააღმდეგობრივი აქციებით, ვაიძულებთ ხელისუფლებას, პირველი – მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ კერძო კლინიკაში, მეორე – ძალიან მალე იყოს თავისუფალი და მესამე – დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. თუ არა, ამასობაში ნახავთ, რომ სუს-ს მოუწევს ბრიფინგის ჩატარება, მიშამ უკვე დალია ჩაი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს განაცხადეს, რომ აქციის ორგანიზატორები გეგმავენ სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას, მე-12 დაწესებულებასთან გზების გადაკეტვას, ასევე განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურის ცალკეული თანამშრომლების გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც.