სუს-ი - აქციის ორგანიზატორები გეგმავენ სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას, მე-12 დაწესებულებასთან გზების გადაკეტვას, ასევე განიხილავენ ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც
სუს-ი - აქციის ორგანიზატორები გეგმავენ სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას, მე-12 დაწესებულებასთან გზების გადაკეტვას, ასევე განიხილავენ ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც

ოპერატიული ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები გეგმავენ სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას, მე-12 დაწესებულებასთან გზების გადაკეტვას, ასევე განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურის ცალკეული თანამშრომლების გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე უწყების წარმომადგენელმა ბაჩა მგელაძემ განაცხადა.

„6 ნოემბრიდან ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განზრახული აქვთ პერმანენტული აქციების ორგანიზება, სადაც დაგეგმილია პარტიის მხარდამჭერების რეგიონებიდან ჩაყვანა. გარდა ამისა, საპროტესტო აქცია დაგეგმილია თბილისში.

ოპერატიული ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები გეგმავენ სახელმწიფო დაწესებულებების, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების ბლოკირებას და პენიტენციურ დაწესებულებასთან მისასვლელი გზების გადაკეტვას, ამ დაწესებულებების ყოველდღიური სამუშაო რეჟიმის ხელშეშლის მიზნით.

სიტუაციის მაქსიმალური ესკალაციისა და სხვადასხვა პროვოკაციული ქმედებების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, აქციაში დაგეგმილია ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების ჩართვა. ასევე, აქციის ორგანიზატორები აქტიურად განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურის ცალკეული თანამშრომლების გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც. აღნიშნული ქმედებები, რომელთა მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, იგეგმება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მის სანახავად შესულ პირთა მეშვეობით აძლევს დირექტივებს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კანონის საფუძველზე და კანონის შესაბამისად მიიღებს ზომებს დანაშაულის პრევენციისა და აღკვეთისთვის, დამნაშავეები კი, კანონის წესით უმკაცრესად აგებენ პასუხს“, – განაცხადა ბაჩა მგელაძემ.

დატოვე კომენტარი