ლევან ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ლიდერი იყოს პრეზიდენტი სააკაშვილი და უშუალოდ იყოს ჩართული ყოველდღიურ საქმიანობაში
ლევან ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ლიდერი იყოს პრეზიდენტი სააკაშვილი და უშუალოდ იყოს ჩართული ყოველდღიურ საქმიანობაში

„ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვების კოალიცია“ მზად არის, კოალიციის მთავარი ლიდერი იყოს პრეზიდენტი სააკაშვილი და უშუალოდ იყოს ჩართული ყოველდღიურ საქმიანობაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს შეუძლია, გააერთიანოს საზოგადოება, რაც ერთხელ უკვე გაუკეთებია, მას შეუძლია, ქართველ ხალხს დაეხმაროს ევროკავშირისკენ არათუ სწრაფვაში, არამედ სწრაფად გაწევრიანებაში.

„მინდა, გამოვეხმაურო მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას „ნაციონალური მოძრაობის“ ბორდის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით. ყველას კარგად გვესმის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება მთავარი ადამიანი, ვინც უდიდეს და მთავარ როლს შეასრულებს გაჭირვებისა და ივანიშვილის დამარცხებაში. პრეზიდენტ სააკაშვილს შეუძლია, გააერთიანოს საზოგადოება, რაც ერთხელ უკვე გაუკეთებია, მას შეუძლია, ქართველ ხალხს დაეხმაროს ევროკავშირისკენ არათუ სწრაფვაში, არამედ სწრაფად გაწევრიანებაში და ეს მას გაუკეთებია. ყველას კარგად მოეხსენება მისი ამ შესაძლებლობების შესახებ, ივანიშვილისგან და მისი გუნდისგან განსხვავებით.

ცხადია, „ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვების კოალიცია“ მზად არის, ამ გამარჯვების კოალიციის მთავარი ლიდერი იყოს პრეზიდენტი სააკაშვილი და უშუალოდ იყოს ჩართული ყოველდღიურ საქმიანობაში. ფაქტობრივად, ეს ამ დროის განმავლობაში ასეც არის და, ცხადია, ჩვენ კომუნიკაციის რა შესაძლებლობაც გვაქვს, ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ აპირებს, სათავეში ჩაუდგეს „ნაციონალური მოძრაობის“ ბორდს, პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს.