ლევან ხაბეიშვილი - დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ ჩემი, არამედ ქართველი ხალხის გამარჯვებაში
ჩვენ ვცხოვრობთ უკიდურესად გაჭირვებულ ქვეყანაში. ამისთვის საჭიროა, რომ ძალიან სწრაფად გავერთიანდეთ, კრიმინალები მოვიშოროთ ხელისუფლებიდან და ვიზრუნოთ, რომ გავაუმჯობესოთ ამ ქვეყანაში ჩვენი თანამოქალაქეების მდგომარეობა, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველოში ძალიან ბევრ ოჯახს უჭირს და აუცილებელია ბრძოლა მათ გადასარჩენად.
„ჩვენ ცხოვრობთ მილიარდერის ქვეყანაში, რომელიც ზვიგენების გამოკვებაში ხარჯავს ასიათასობით ლარს, მაგრამ საქართველოში ოჯახების უდიდესი ნაწილი თვიდან თვემდე ხორცსაც კი ვერ ჭამს, თვიდან თვემდე ადამიანები პურის ფქვილს ყიდულობენ განვადებით. ჩვენ ვცხოვრობთ უკიდურესად გაჭირვებულ ქვეყანაში, ამისთვის საჭიროა, ძალიან სწრაფად გავერთიანდეთ, კრიმინალები მოვიშოროთ ხელისუფლებიდან და 24-საათიან რეჟიმში ვიზრუნოთ, რომ გავაუმჯობესოთ ამ ქვეყანაში ჩვენი თანამოქალაქეების მდგომარეობა. ამისთვის მე მზად ვარ, მათ შორის იმ რაიონში საბრძოლველად, რომელზეც გადაწყვეტილება არის მიღებული და ეს არის სამგორის რაიონი. შესაბამისად, როგორც რიგითი ჯარისკაცი, ვიბრძოლებ, რომ ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური ხელისუფლება დასრულდეს, მარტივი რამის გამო – ეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს სჭირდება. სხვა შემთხვევაში, ძალიან მძიმე მდგომარეობა დადგება ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება ბრძოლის ხერხებს, ვთქვათ პირდაპირ, რომ ბრძოლა იქნება უკომპრომისო, არა მარტო სამგორის რაიონში, არამედ საქართველოს მასშტაბით. ბრძოლას გავაგრძელებ ისევე, როგორც ვაკეთებდი აქამდე. დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ ჩემი, არამედ ქართველი ხალხის გამარჯვებაში. სხვანაირად უბრალოდ არ გამოვა. სესიაშვილების, ვოლსკების, თალაკვაძეების ხელისუფლება უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ოპოზიციამ თბილისის ექვს ოლქში საერთო მაჟორიტარული კანდიდატები დღეს დაასახელა.