ლევან ხაბეიშვილი - ჩვენი ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში დაგეგმილი იყო ჯერ კიდევ ათი დღის წინ, ვწუხვარ გამოგონილი ისტერიკის გამო, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოა
ჩვენი ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში, პოლონეთის მიერ იყო ორგანიზებული და დაგეგმილი ჯერ კიდევ ათი დღის წინ, ჩვენი ვარშავაში ვიზიტი უკავშირდება პრეზიდენტ სააკაშვილისთვის გადასაცემ უმნიშვნელოვანეს ჯილდოს. მიხეილ სააკაშვილის გარდა, ამ ჯილდოს მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის მოქმედი მაღალი თანამდებობის პირები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ამის პარალელურად, ცხადია, გვაქვს შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან, რომლებიც ეხება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და პერსპექტივას. ვწუხვარ გამოგონილი ისტერიკის გამო, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოა. არაანაზღაურებადი, ოფიციალური მივლინებით ვიმყოფებით პოლონეთში და, შესაბამისად, უმარტივესად შეეძლოთ ენახათ იმ ადამიანებს, ვინც კონკრეტულ საკითხზე მუშაობდნენ. ნორვეგიაში მიღებული ჯილდო უმწვავესად და მტკივნეულად მიიღო რუსულმა ოცნებამ და იქიდან რამდენიმე დღეში, მაქვს პატივი, პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემის ცერემონიას დავესწრო“, – წერს ხაბეიშვილი.
ოპოზიციამ პრეზიდენტს 11 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით დღეს, დღის პირველ ნახევარში მიმართა. მოგვიანებით კი ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართეს, რომ, ანა წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო, ხვალ მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა არ დანიშნოს.