ლევან კეცხოველი - ბრენდებს ახალ ციფრულ გარემოსთან ადაპტაცია მოუწევთ
ახალ კორონავირუსამდე არსებული ცხოვრება დამთავრებულია. ყველა ვდგავართ გადაუდებელი რეალობის წინაშე, რომ უფრო სწრაფად განვითარდეს ციფრული სამყარო და გვაქვს კომპეტენცია, რომ ბრენდებს ახალ ციფრულ გარემოსთან სწრაფ ადაპტაციაში დავეხმაროთ, – ამის შესახებ საკომუნიკაციო კომპანია „რედბერის“ მმართველმა პარტნიორმა, ლევან კეცხოველმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში კრეატიულ ინდუსტრიაზე ახალი კორონავირუსის გავლენა და ახალ ციფრულ რეალობაზე ბიზნესის გადაწყობის აუცილებლობის საკითხი განიხილეს.
დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ როგორც ბოლო კვლევები აჩვენებს, საერთაშორისო მასშტაბით კრეატიული და სარეკლამო ინდუსტრიის კამპანიების ფაქტობრივად 90 პროცენტით შეჩერდა. თუმცა, ინდუსტრიის უმეტესი ნაწილი მაინც ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებს. დაახლოებით 24 პროცენტი თვლის, რომ მიმდინარე წელს შემოსავალი გაეზრდება, 36 პროცენტი ფიქრობს, რომ შემოსავალი არ შეეცვლება. მხოლოდ 40 პროცენტი აკეთებს პესიმისტურ პროგნოზს და შემოსავალის კლებას ელოდება.
კომპანია „რედბერის“ მმართველი პარტნიორის განმარტებით, გამონაკლისი არც ქართული სარეკლამო ინდუსტრია გამოდგა, რომელმაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში დიდი დარტყმა განიცადა, რადგან კლიენტების უმეტესობამ მუშაობა შეწყვიტა და ხარჯების შემცირებაზე გადავიდა. თუმცა, მისი მოსაზრებით, კრიზისი ახალ შესაძლებლობებს ქმნის და ციფრული ეკონომიკის განვითარებას დააჩქარებს.
„ვფიქრობ, რომ ეს მოვლენები მართალია, რთული გადასატანია, მაგრამ მეორე მხრივ, მრავალ ახალ შესაძლებლობას აჩენს, რომ კომპანიებმა პროდუქტების ტრანსფორმირება მოახდინონ და საკუთარი ღირებულება, რასაც აქამდე ფიზიკურ სივრცეში და ტრადიციულ არხებში ქმნიდნენ, სხვა არხებში გადაიტანონ. ახლა ყველას ის გარდაუვალი რეალობა დაგვიდგა, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს და ციფრული სამყარო ბევრად უფრო სწრაფად განვითარდეს. ჩვენი როლი ამაში ძალიან დიდია, რადგან გვაქვს კომპეტენცია, რომ ამ ბრენდებს ახალ ციფრულ გარემოში სწრაფ ადაპტაციაში დავეხმაროთ“, – განაცხადა კეცხოველმა.
„რედბერის“ მმართველი პარტნიორი მიიჩნევს, რომ დროა, ბიზნესმა გააცნობიეროს, რომ ახალ კორონავირუსამდე არსებული რეალობა აღარ დაბრუნდება და ახალ ციფრულ რეალობაზე იფიქროს, რადგან ამის კარგი პოტენციალი არსებობს.
„ახალ კორონავირუსამდე არსებული ცხოვრება დასრულებულია და ჩვენ, ყველამ ერთად, საზოგადოებამ და ბიზნესმა უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად და მას შემდეგ ცხოვრება. სრულიად წამგებიანი პოზიცია იქნება ახლა ლოდინი, კორონავირუსამდე არსებული ცხოვრება როდის დაბრუნდება. ხშირად გვესმის კომპანიებისაგან, რომ არსებული სიტუაციის დასრულებას ელიან და თვეებს ითვლიან. არ მგონია, რომ ასე იქნება. მაგრამ პოტენციალი ძალიან დიდია, განსაკუთრებით, საქართველოს ლოკალურ დონეზე, რადგან ძალიან ბევრი სერვისი ციფრულად ხელმისაწვდომი არ არის, ან თუ არის, მომხმარებელს ცუდი გამოცდილება აქვს. აქ მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა ყურები არ ჩამოყარონ. პრობლემებს ერთად შევუტიოთ და მომხმარებლის გამოცდილება გავაუმჯობესოთ“, – განუცხადა ლევან კეცხოველმა „ბიზნესპარტნიორს“.