ლევან კარანაძე - „ლუფტჰანზა“ თბილისსა და მიუნხენს შორის რეგულარულ რეისს შეასრულებს
საქართველოს მთავრობამ 9 ივლისს სხდომაზე დაამტკიცა ცვლილება მთავრობის #322 დადგენილებაში „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“. ცვლილება, რომელიც შეეხებოდა პირდაპირი რეგულარული საერთაშორისო რეისის აღდგენას თბილისსა და მიუნხენს შორის, ინიცირებული იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის, ლევან კარანაძის განცხადებით, სააგენტომ გერმანულ ავიაკომპანია „ლუფტჰანზასთან“ უკვე გამართა კონსულტაციები, რომლის თანახმადაც, ავიაკომპანიამ გამოთქვა მზაობა, ყველაზე გვიან აგვისტოში დაიწყოს რეგულარული ფრენები თბილისსა და მიუნხენს შორის თავდაპირველად კვირაში ორი რეისის სიხშირით.
მისი თქმით, ამის წინაპირობად დასახელდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ „ნოტამ“-ში (საერთაშორისო საავიაციო არხებში დაგზავნილი ინფორმაცია არსებული რეგულაციების შესახებ) არსებულ შეტყობინებაში ცვლილების შეტანა ფრენების შესრულებაზე შეზღუდვის მოხსნის თაობაზე.
„საქართველოს მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო შეძლებს, უკვე ფორმალურადაც აცნობოს ავიაკომპანია „ლუფტჰანზას“ „ნოტამ-ში ცვლილების შეტანის შესახებ,“ – განაცხადა ლევან კარანაძემ.