შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების დღეს არსებული რედაქცია ფარული უმუშევრობის, ასევე დასაქმების ჩრდილოვან ეკონომიკაში გადასვლის რისკებს შეიცავს, ამიტომ, თუ აღნიშნული რედაქცია კანონად იქცევა, მოსალოდნელი ფინანსური ზარალი საზოგადოების ჯიბიდან გახდება გადასახდელი, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ და საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა, ლევან კალანდაძემ განაცხადა.
გადაცემაში ბიზნესომბუდმენისა და საქართველოს ბიზნესგაერთიანებების შეხვედრა განიხილეს, რომელიც შრომის კოდექსთან დაკავშირებულ საკამათო ცვლილებებს მიეძღვნა. ცვლილებების ინიციატორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია და მისი საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს უკვე ორი თვეა, ბიზნესი, ბიზნესომბუდსმენის აპარატი და ექსპერტული წრეების ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს. თუმცა, კანონპროექტის ავტორებთან პოზიციების შეჯერება დღემდე ვერ მოხერხდა.
ლევან კალანდაძის მოსაზრებით, ბიზნესომბუდსმენსა და კერძო სექტორის წარმომადგენელ გაერთიანებებს შორის დღევანდელი შეხვედრა ერთიანი პლატფორმის შექმნას მიეძღვნა, რათა კანონპროექტის ავტორებთან მოსალოდნელ მოლაპარაკებებში ბიზნესის პოზიციის გათვალისწინება ერთიანი ძალისხმევით მოხერხდეს.
„თავად ბიზნესომბუდსმენის აპარატსა და ბიზნესს შეთანხმების პრობლემა არა გვაქვს. ჩვენ, პრინციპში, ერთ პოზიციაზე ვართ. აქედან გამომდინარე, დღევანდელი შეხვედრის მიზანი ამ შეთანხმებული პოზიციის ოფიციალურად გაფორმება და ერთიანი სტრატეგიის დასახვა იყო. ჩვენ გვიწევს კომუნიკაცია პარლამენტში კანონპროექტის ავტორების ჯგუფთან. აქედან გამომდინარე, გვინდა, რომ ბიზნესომბუდსმენის აპარატი და ბიზნესი ერთ პოზიციაზე ვიყოთ და ერთიანი პლატფორმით გამოვიდეთ“, – განაცხადა კალანდაძემ.
ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად ბიზნესის და ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ არაერთხელ გაგზავნილი რეკომენდაციებისა, ამ შენიშვნების უმეტესი ნაწილი დღემდე არ ასახულა სადავო კანონპროექტის არსებულ რედაქციაში, რომლის განხილვასაც ინიციატორთა ჯგუფი მომავალი კვირიდან იწყებს. ბიზნესისა და ბიზნესომბუდსმენის აპარატის მთავარ რეკომენდაციად რეგულაციების კერძო სექტორსა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაზე ზეგავლენის შეფასების გაკეთება რჩება, რასაც კანონპროექტის ავტორები სხვადსხვა არგუმენტების გამო, ჯერჯერობით არ იზიარებენ. კალანდაძე მიიჩნევს, რომ თუ ბიზნესის პოზიცია გაზიარებული არ იქნება, გაუთვლელი რისკების შემცველ რეგულაციას მივიღებთ.
„პრაქტიკულად, ბიზნესგაერთიანებებისა და მათში შემავალი კომპანიების აბსოლუტური უმეტესობა იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ძალიან რთულია ქვეყანაში ისაუბრო გარკვეული რეგულაციების ავკარგიანობაზე, როცა რეალურად კვლევა არ ჩატარებულა და არ ვიცით, რა გავლენა შეიძლება იქონიოს არა მხოლოდ უშუალოდ ბიზნესზე, არამედ ბიუჯეტზე ან, ყველაფერს რომ თავი გავანებოთ – საქართველოს რეიტინგზე სხვადასხვა საერთაშორისო კვლევებში. ბიზნესის პოზიცია ძალიან მარტივია და ბიზნესომბუდსმენის აპარატი სრულად იზიარებს ამ პოზიციას: მთავარია გაკეთდეს ე.წ. გავლენის შეფასების კვლევა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, ვისაუბროთ კონკრეტულ დეტალებზე. ხაზგასასმელია, რომ არც ბიზნესი და არც ბიზნესომბუდსმენის აპარატი ზოგადად ევროპული სტანდარტების დანერგვის, მათ შორის შრომით ურთიერთობებში – წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ეს უნდა იყოს რაციონალური, პრაგმატული და დღეს არსებული სიტუაციის შესაბამისი“, – განაცხადა კალანდაძემ.
მისი მოსაზრებით, კვლევის მოთხოვნა თვითმიზანი არ არის, უბრალოდ ის თავად პარლამენტარებს დაეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
„პარლამენტმა ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ეს არ არის პატარა ცვლილება, რაც შეიძლება დღეს შევიტანოთ და ხვალ აღმოვაჩინოთ, რომ შეცდომაა და გამოვასწოროთ. ეს ცვლის სახელმწიფო მოწყობის კონცეფციას, ბიზნესის, დასაქმებულისა და სახელმწიფოს ურთიერთობას. პარლამენტმა რომ რაციონალურ, შედეგზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას მისცეს ხმა, საკმარისი არაა მხოლოდ პათეტიკური ფრაზები, რომ შრომის ნაყოფიერება გაიზრდება, დასაქმებულთა უფლებები გაიზრდება. გაიზრდება თუ არა, ისიც არ ვიცით, რადგან რეგულაციის დღეს არსებული რედაქცია ფარული უმუშევრობის, დასაქმების ჩრდილოვან ეკონომიკაში გადასვლის რისკებს ატარებს. აქედან გამომდინარე, ამ საკითხზე პასუხისმგებლობის აღება დიდი რისკის მატარებელია, თუ არ იქნება კონკრეტული გათვლები“, – განაცხადა კალანდაძემ.
ბიზნესომბუდსმენის მოადგილე იმედოვნებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა და ეკონომიკის სამინისტროს რაციონალური პოზიცია, რომ რეგულაციების მიღების დროს აუცილებელია ბიზნესის აზრის გათვალისწინება, შედეგს გამოიღებს.
„მჯერა, რომ კონსულტაციები პარლამენტის შესაბამის ჯგუფთან გაგრძელდება. მთავრობის ეკონომიური გუნდის მონაწილეობით, ჩვენც მზად ვართ აქტიურად ვიყოთ ჩართული, ბიზნესასოციაციების აქტიური ჩართულობით, საბოლოო ჯამში მივალთ ისეთ გადაწყვეტილებამდე, რომელიც ერთის მხრივ შრომითი უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ხელს მართლა შეუწყობს გარკვეული ნიუანსების დაზუსტებას და გაძლიერებას. ამავდროულად, ცხადად გვეცოდინება, ამან რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ბიზნესზე და პირდაპირ ვთქვათ, რა დაუჯდება ეს ცვლილებები მთელ საზოგადოებას ფულად ერთეულში. საქმე ისაა, რომ ეს არ არის ბიზნესის გადასახდელი, ეს არის მთელი საზოგადოების გადასახდელი, რადგან, თუ ბიზნესს აქედან შემოსავლი დააკლდება, ეს დანაკლისი თითოეული ჩვენგანის ოჯახზე აისახება, რადგან ეს ფული ბიუჯეტსაც დააკლდება. აქედან გამომდინარე, მე კეთილგონიერების იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ის პრაგმატული, რაციონალური მიდგომები, რაც ამ თვალსაზრისით პრემიერსა და ეკონომიკის სამინისტროს გააჩნია, შესაბამის შედეგს გამოიღებს“, – დააზუსტა ლევან კალანდაძემ.