ჯანდაცვის კომიტეტში შრომის კოდექსში ცვლილებებზე იმსჯელებენ
ჯანდაცვის კომიტეტში შრომის კოდექსში ცვლილებებზე იმსჯელებენ

„საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილებებზე დღეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში იმსჯელებენ.

კანონპროექტი მოიცავს როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს, ასევე დეკრეტული შვებულების საკითხს, სადაც მამის კომპონენტი შემოდის. კანონპროექტის მიხედვით ასევე უნდა განისაზღვროს სამუშაო დროის რეგულირების საკითხი.

წარმოდგენილი კანონპროექტი ხვალ პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე გავა. კანონპროექტის ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი იმედოვნებს, რომ უმრავლესობა შემოთავაზებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

„ჯანდაცვის კომიტეტი არის შემაჯამებელი წამყვანი კომიტეტი, რომელიც პირველი მოსმენის საკომიტეტო მოსმენებს დაასრულებს, შემდეგ, იმედი მაქვს, რომ ხვალ იქნება უკვე სესიაზე წარდგენილი და ამით დასრულდება. საკმაოდ მრავლისმომცველი დოკუმენტია. მოიცავს როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს, ასევე დეკრეტული შვებულების საკითხებს, სადაც მამის კომპონენტი შემოდის. არის სამუშაო დროის რეგულირება, სამუშაო ადგილებზე დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის თანამშრომლობის საკითხები, სტაჟირების მექანიზმები, ასევე არის აღსრულების მექანიზმები, სანქციები და შრომის ინსპექციის სამართლებრივი მექანიზმები, რათა ყველაფერი იყოს აღსრულებადი და არ დარჩეს ქაღალდზე“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.