ლევან კალანდაძე გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან კალანდაძე გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, სვენ გიგოლდს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ურთიერთთანამშრომლობის ფორმატები, სამომავლო განვითარების შესაძლებლობები. ყურადღება გამახვილდა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, მიღებულ შედეგებზე და არსებულ გამოწვევებზე, სხვადასხვა მიზნობრივ აუდიტორიასთან თანამშრომლობის ფორმატებზე.
შეხვედრაზე, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, სალომე ქავთარაძემ პრეზენტაცია გამართა სააგენტოს უფლებამოსილებებზე და აღსრულების მექანიზმებზე, მიმდინარე და დასრულებულ მნიშვნელოვან საქმეებზე.
პარალელურ რეჟიმში სააგენტოში სამუშაო შეხვედრა შედგა გერმანული ბიზნეს-დელეგაციის წარმომადგენლებთან, რომელსაც სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი შაკიაშვილი ხელმძღვანელობდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა და ძირითადად მოიცავდა კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, სამართლებრივ პროცედურებს და აღსრულების მექანიზმებს.
გერმანული მხარის მიერ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საქმიანობა დადებითად შეფასდა. მხარეები ორმხრივ დონეზე შეთანხმდნენ, სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, სხვადასხვა პლატფორმაზე აქტიურად ითანამშრომლონ.
შეხვედრას ესწრებოდნენ – საქართველოს საკითხებზე პასუხისმგებელი თანამშრომელი ფრანცისკა ალარიხი; გერმანიის საელჩოს პირველ მდივანი, ეკონომიკისა და პრესის განყოფილების უფროსი სარა ცილონკა; სააგენტოს პროექტების მართვისა და დონორებთან ურთიერთობის მენეჯერი თამარ მერმანიშვილი და GCCA-ის სხვა თანამშრომლები.
ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.