ლევან ჯაფარიძე - კრწანისის რაიონში რაგბის სტადიონი და კიდევ ერთი სკვერი მოეწყობა
ლევან ჯაფარიძე - კრწანისის რაიონში რაგბის სტადიონი და კიდევ ერთი სკვერი მოეწყობა

კრწანისის რაიონში, კერძოდ, ფონიჭალაში, მიმდინარე წელს ხელოვნურსაფარიანი რაგბის სტადიონი და კიდევ ერთი სკვერი მოეწყობა, – ამის შესახებ კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ ვიდეოდიალოგის დროს განაცხადა.

როგორც კრწანისის რაიონის გამგებელმა მოქალაქე ნანა გასვიანის შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, ფონიჭალა 3-ში, მე-11 კორპუსის მიმდებარედ სანიაღვრე სისტემის სრულად მოწესრიგებისა და წლების განმავლობაში  არსებული დატბორვის პრობლემის მოხსნის შემდეგ, გამგეობა იქსკვერის მოწყობას გეგმავს.

„იმის გამო, რომ აღნიშული ტერიტორია იტბორებოდა, ამ ეტაპზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, რომელსაც მოსახლეობა დიდი ხნის განმავლობაში ელოდა. ამით წლების განმავლობაში არსებული პრობლემა გადავჭერით. ახლა კი იქ უკვე შეგვიძლია მოვაწყოთ რეკრეაციული სივრცე. აღნიშნული პროექტის მიხედვით, მიმდინარე წელს მოეწყობა დენდროლოგიური სკვერი.

2018 წელს, ფონიჭალაში მოვაწყვეთ ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკი. მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე, მოეწყო ფეხბურთისა და კალთბურთის სტადიონები. ამ ეტაპზე მზადდება რაგბის სტადიონის პროექტი, რომლის მიხედვითაც  მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი რაგბის სტადიონი. ამდენად, ფონიჭალის მოსახლეობას ექნება ვრცელი რეკრეაციული სივრცე სამი სტადიონითა და სკვერით“, – განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.

კრწანისის რაიონის გამგებელმა ასევე კალისტრატე ცინცაძის ქუჩაზე გზის პრობლემურ მდგომარეობასთან დაკავშირებით მოქალაქე ავთო ელისაშვილის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა და განმარტა, რომ გზის საფარის აღდგენის სამუშაოები იქ მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებისთანავე, უახლოეს მომავალში დაიწყება.

„კალისტრატე ცინცაძის ქუჩა პრობლემურია, პირველი ეტაპის სამუშაოები ჩვენ იქ გასულ წელს ჩავატარეთ, მაგრამ რადგან აღნიშნულ ქუჩაზე გამოსაცვლელი იყო მიწისქვეშა ქსელები, მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც იქ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაასრულებს მიმდინარე სამუშაოებს. არსებობს პროექტი და როგორც კი გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაცია, გზის საფარის აღდგენა დაიწყება“, – განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.