საქართველოს თავდაცვის მინისტრი წელს პირველი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვია. ლევან იზორიას რუმინელმა კოლეგამ, მიჰაი-ვიორელ ფიფორმა უმასპინძლა.
რუმინეთის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს, რომელიც გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობისა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების საკითხები განიხილეს. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, ორივე ქვეყანა აქტიურად არის ჩართული რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების დიალოგში და რუმინეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით ხაზი შავი ზღვის აუზში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მაღალ ხარისხს გაესვა. რუმინეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით კი, რუმინეთი და საქართველო შავი ზღვის აუზის რეგიონის მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან და მის უსაფრთხოებაში დიდი წვლილი შეაქვთ.
შეხვედრაზე მიჰაი-ვიორელ ფიფორმა ხაზი გაუსვა რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. საუბარი შეეხო მრავალეროვნულ სწავლებებში რუმინელი და ქართველი სამხედროების ერთობლივ მონაწილეობასაც. აღინიშნა, რომ წელს ორივე ქვეყანას დამოუკიდებლობის 100 წელი უსრულდება.
მინისტრებმა განაცხადეს, რომ საქართველოსა და რუმინეთში დამოუკიდებლობის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, ორ ქვეყანას ერთმანეთთან ბევრი საერთო აქვს, რაც პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის შესანიშნავ საფუძველს წარმოადგენს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრებმა ხელი ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს, რომელიც თანამშრომლობის უფრო მაღალ ხარისხში აყვანას ითვალისწინებს.