ლევან იზორიამ და ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ქართველ მშვიდობისმყოფელებს ახალი წელი მიულოცეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ახალი წლის შემოსვლა საერთაშორისო მისიებში მყოფ ქართველ მშვიდობისმყოფელებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიულოცეს.
სენაკის II ქვეითი ბრიგადიდან პირდაპირი ჩართვა ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე განხორციელდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორიამ და გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ნატო-ს ეგიდით ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიასა და ევროკავშირის ეგიდით მალისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე მისიებში ჩართულ ქართველ სამხედროებს მშვიდობიანი წელი, საერთაშორისო მისიის ღირსეულად დასრულება უსურვეს და მსოფლიოს უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.ქართველ მშვიდობისმყოფელებთან ჩართვისას მათ 2017 წელიც შეაჯამეს და აღნიშნეს, რომ ახალი წელი კიდევ უფრო საინტერესო იქნება.
სენაკის II ქვეითი ბრიგადიდან ვიდეოკონფერენცია ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ოთხი ლოკაციიდან განხორციელდა.
ქართველი სამხედრო მოსამსახურეები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ქაბულში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“ და აფრიკის კონტინენტზე – მალისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში იმყოფებიან.