ლევან იზორიამ და აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ აღჭურვილობისა და შეიარაღების შესყიდვის საკითხები განიხილეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მდივნის მოადგილეს ჯონ რუდს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორიამ და ჯონ რუდმა შეხვედრაზე აღჭურვილობისა და შეიარაღების შესყიდვის საკითხები განიხილეს.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯაველინების შესყიდვის შემდეგ, თანამშრომლობის და შესყიდვების დინამიკა მომავალშიც გაგრძელდება, რაც გრძელვადიანი შესყიდვების სტრატეგიის შესაბამისად მოხდება.
ლევან იზორიას განცხადებით, ძირითადად, აქცენტი მცირე ზომის ტაქტიკური ქვედანაყოფების შეიარაღებაზე გაკეთდება.
თავდაცვის დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული მტკიცე და პრინციპული რეფორმების მხარდაჭერა.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის შემდეგ, ლევან იზორიამ შეხვედრა ამერიკის ეროვნული გვარდიის ბიუროს უფროსის მოადგილესთან გენერალ-ლეიტენანტ დანიელ ჰოკენსონთან გამართა. მოგვიანებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე გაემგზავრა, სადაც გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილის საფლავი მის ვაჟთან, ბრეტ შალიკაშვილთან ერთად გვირგვინით შეამკო.
ინფორმაციას აღნიშნული შეხვედრის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.