საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დღეს ჟურნალისტებთან ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა.
როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, ბრიუსელში შედგა ისტორიული ვიზიტი, სადაც გაცხადდა, რომ თანამშრომლობა მომავალ წლებშიც იქნება მზარდი, როგორც აშშ-სთან, ასევე ნატო-სთან.
„საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი მქონოდა თავდაცვის მდივანთან მატისთან, რომელმაც ცალსახად მადლობა გადამიხადა იმ სამაგალითო რეფორმებისთვის, რომელიც თავდაცვის უწყებაში განხორციელდა და აღნიშნა, რომ ის არის სამაგალითო არა მარტო ნატო-ს პარტნიორი, არამედ ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვისაც. ნდობა, რაც ჩვენ ბოლო წლებში მოვიპოვეთ, არის სწორედ დამსახურება პროგრესისა, რომელიც გვაქვს რეფორმების განხორციელების კუთხით და სწორედ ამ ნდობის შედეგად კვალ შევიძენთ მნიშვნელოვან შეიარაღებას ამერიკის შეერთებული შტატებისგან. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა არის მართლაც შთამბეჭდავი, რაც გამოიხატება შესაბამის სწავლებებში. გამოიხატება უპრეცენდენტოდ დიდ ფინანსურ მხარდაჭერაში, რაც მომავალში უფრო მზარდი დინამიკის იქნება”, – განაცხადა მინისტრმა.
როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, პარალელურ რეჟიმში შეხვდა ნატო-ს გენერალურ მდივანს და მნიშვნელოვანი ფორმატი შედგა ნატო-საქართველოს კომისიის სახით, სადაც ასევე ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან ცალსახად დაფიქსირდა პროგრესი, რაც ქვეყანას აქვს, როგორც ზოგადად ქვეყანას დემოკრატიული განვითარების, ასევე თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმების თვალსაზრისით.
„დავგეგმეთ მომავალი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. ჩვენ წინადადებით წარვსდექით, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობამ უნდა მიიღოს უფრო ფართო ფორმატი, რაც იქნება მეტი ნატო-ს ყოფნა და მეტი ნატო-ს უზრუნველყოფა საქართველოში, რაც კონკრეტულად გამოიხატა ჩვენი მხრიდან ნატო-საქართველოს მზადყოფნის ცენტრის ჩამოყალიბების ინიციატივაში. ეს ინიციატივა იქნა ძალიან დადებითად მიღებული და ჩვენ მომავალი თვეები სწორედ ამ ინიციატივის უფრო კონკრეტული სახით ჩამოყალიბებას დავუთმობთ. ასევე განსაკუთრებულად შევეხეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობაში უპრეცენდენტო სწავლებებს, რომელიც 2019 წლის მარტში ჩატარდება და იქნება კიდევ ერთხელ მკაფიო დასტური იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. ეს არის მართლაც მისალოცი ფაქტი, წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოსი ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე, რომელსაც ჩვენ უფრო მეტი დინამიკით და ინტენსივობით მივცემთ უფრო მეტ ძალისხმევას ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის და ნატო-ს წევრი ქვეყნების მხარდაჭერით”, -განაცხადა ლევან იზორიამ.
თავდაცვის მინისტრმა დაგეგმილ შეხვედრებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე გეგმავს ნატო-ს სხვა ლიდერი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრას.
„მაქვს შესაძლებლობა, საფრანგეთში ორმხრივი ფორმატის ფარგლებში, ნომებერში შევხვდე საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს. ნოემბრის დასასრულს ვგეგმავ გერმანიის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრას, რაც კიდევ ერთხელ იმის ხაზგასმაა, რომ ჩვენი ურთიერთობები, როგორც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ისე ნატო-ს წევრ ქვეყნებთან არის უპრეცენდენტო დინამიკის”, – განაცხადა იზორიამ.