ქართული არტილერია 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. ვაზიანში, I საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ქართველ არტილერისტებს პროფესიული დღე პირადად მიულოცა.
თავდაცვის მინისტრის თქმით, მიმდინარე წელს ქართული არტილერიის ბრძოლისუნარიანობის ამაღლების თვალსაზრისით და ნატო-სთან მეტი თავსებადობის მიღწევის მიზნით, მნიშვნელოვანი რეფორმებია დაგეგმილი. ამჟამად შეიარაღებული ძალების ყველა საარტილერიო ქვედანაყოფში მიმდინარეობს სტრუქტურული რეორგანიზაცია, რის შედეგადაც ყველა საარტილერიო ბატალიონში ერთნაირი სტრუქტურა ჩამოყალიბდება.
სამანევრო ბრიგადების საარტილერიო ბატალიონებში მიმდინარეობს სხვადასხვა ტექნიკური გადაიარაღების პროცესი, მათ შორის, ბუქსირებადი საარტილერიო ქვემეხების თვითმავალი საარტილერიო სისტემებით ჩანაცვლება, რითაც მოხდება მობილურობის, მანევრირების შესაძლებლობებისა და სროლის მანძილის გაზრდა.
არტილერიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე I საარტილერიო ბრიგადის მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალიც გაიმართა. პოლკოვნიკი ზურაბ თაბუკაშვილი ვიცე-პოლკოვნიკმა დავით ბიჭიკაშვილმა შეცვალა.
ღონისძიების ფარგლებში, 53-მა წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა. დღესვე არტილერისტები უწყებრივი მედლებითაც დაჯილდოვდნენ. სამხედრო მოსამსახურეებს ჯილდოები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა შავლეგო ტაბატაძემ გადასცეს.
არტილერიის დღე ვაზიანში, ქვედანაყოფში არსებული შეიარაღებისა და ტექნიკის დათვალიერებით დასრულდა.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.