ლევან იზორია - ყველანაირი საფუძველი არსებობს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდეს
ყველანაირი საფუძველი არსებობს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდეს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა.
მისი თქმით, ვარშავაში, საპარლამენტო ასამბლეაზე ნატო-ს გენერალური მდივნის ყველა საჯარო გამოსვლაში ვისმენთ პოზიტიურ შეფასებებს ქვეყნის რეფორმების აღიარებაზე, კერძოდ კი კანონის უზენაესობის განმტკიცებაზე ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით, ასევე თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმების აღიარებაზე.
„ყველა საჯარო გამოსვლაში, რომელსაც ნატო-ს გენერალური მდივანი აკეთებს, ჩვენ ძალიან პოზიტიურ შეფასებებს ვისმენთ ქვეყნის რეფორმების აღიარებაზე, კერძოდ კი კანონის უზენაესობის განმტკიცებაზე ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით, ასევე თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმების აღიარებაზე. ჩვენ პრინციპული ნაბიჯები გადავდგით, რომ საქართველოში ნატოს-ს სტანდარტები რეალობა გამხდარიყო და ეს უკვე შემდგარი ფაქტია. ყველანაირი საფუძველი არსებობს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდეს და იენს სტოლტენბერგის განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამ აღიარებას დეკლარირება და საჯარო განცხადებებს კონკრეტული გადაწყვეტილებები სჭირდება. სამიტის ფარგლებში დარწმუნებული ვართ, დეკლარირებული ფორმით სწორედ ამ პროგრესის აღიარებას და ხაზგასმას, ასევე ჩვენი ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერას მივიღებთ“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ვარშავაში საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ყველა საშუალება, გახდეს ალიანსის წევრი.