ლევან იზორია - ვზრდით თანამშრომლობის დონეს ევროკავშირთან, ნატო-სთან და აშშ-სთან, რათა გაძლიერდეს სტაბილურობა და შევაკავოთ საფრთხეები რუსეთიდან
ჩვენ ვზრდით თანამშრომლობის დონეს ევროკავშირთან, ნატო-სთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რათა საქართველოში გაძლიერდეს სტაბილურობა და შევაკავოთ საფრთხეები რუსეთიდან, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ბათუმში მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში გამართულ სესიაზე განაცხადა.
როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, საქართველო მაქსიმალურად ცდილობს შეესაბამებოდეს ევროკავშირის პოლიტიკას, გლობალურ სტრატეგიას და ნატო-ს შეკავების პოლიტიკას იმ საფრთხესთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს.
„შავ ზღვას აღვიქვამთ ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვან საფუძვლად, რომელიც აღიარებულია ევროკავშირისა და ნატო-ს მიერ. სამი კვირის წინ ევროპულმა საბჭომ დასკვნა გამოაქვეყნა, რომელიც შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების სტრატეგიულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ამასთან, საუბარია უფრო მეტ ჩართულობასა და გამყარებულ თანამშრომლობაზე. დოკუმენტში შეშფოთება იყო გამოთქმული, რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია არ იყო აღნიშნული, თუმცა მნიშნველოვანია, რომ ევროკავშირი იყენებს არაღიარების პოლიტიკას და როგორც აღნიშნული პოლიტიკის ნაწილი, ჩართულები ვართ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაში. ჩვენ ვხედავთ საკუთარ თავს, როგორც ევროკავშირის უსაფრთხოების ნაწილს, ვინაიდან ვმონაწილეობთ ევროკავშირის მისიებში ცენტრალურ აფრიკასა და მალის რესპუბლიკაში“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
მისივე თქმით, შავი ზღვის რეგიონი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.
„ორ კვირაში საქართველში ჩატარდება Agile Spirit-ის წვრთნები, რომელშიც მონაწილეობას ნატო-ს წევრი და მისი პარტნიორი 14 ქვეყანა, ასევე შავი ზღვის ოთხი ქვეყანა მიიღებენ. ეს გახლავთ პრაქტიკული ფორმატი, რომელშიც შეგვიძლია, ჩავერთოთ როგორც სამხედრო და უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ყველა რეფორმა, რომლებსაც ვახორციელებთ, შესაბამისობაშია ნატო-ს შეკავების პოზიციასთან. ჩვენ ამ წელს წარმატებული წვრთნები ჩავატარეთ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პროცესს ჩვენმა უწყებამ უხელმძღვანელა. ჩვენ ვზრდით თანამშრომლობის დონეს ევროკავშირთან, ნატო-სთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რათა საქართველოში გაძლიერდეს სტაბილურობა და შევაკავოთ საფრთხეები რუსეთიდან. თავდაცვის სფეროში განხორციელებული ნაბიჯები კი ჩვენი დემოკრატიის დაცვას და მედეგობის გაძლიერებას ნიშნავს“, – განაცხადა ლევან იზორიამ.