თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია თურქეთის ახალ ელჩს, ფატმა ჯერენ იაზგინს შეხვდა.
ლევან იზორიამ თურქეთის ახალ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარატებები უსურვა.
მინისტრმა ელჩთან ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე თურქეთის პრინციპული მხარდაჭერა, შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების ფარგლებში საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობის გაღრმავება და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა.
ლევან იზორიას განცხადებით, თურქეთი საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია.
თურქ დიპლომატთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე თურქეთის, როგორც სტრატეგიული პარტნიორის, მხარდაჭერა მადლიერებით აღნიშნა.
თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში თურქული მხარის ჩართულობაზე, ასევე, სამხედრო განათლების მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ლევან იზორიამ ყურადღება წვრთნებსა და საერთაშორისო ოპერაციებში ქართველი და თურქი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობის მზარდ დინამიკაზეც გაამახვილა.
მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და რეგიონულ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხებზეც იმსჯელეს.
ამ კონტექსტში საუბარი სამმხრივ ფორმატში, საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თანამშრომლობის საკითხს შეეხო.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, თურქეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი მერთ ოზოვერი და თურქეთის საელჩოს მეორე მდივანი, გიზენ შენი დაესწრნენ.
ფატმა ჯერენ იაზგანმა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზექი ლევენთ გურმუქჩუ შეცვალა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას 2014 წლიდან ასრულებდა.