ლევან იზორია - თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობითი ხარჯების მატება ობიექტურმა გარემოებებმა გამოიწვია
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობითი ხარჯების ზრდაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორც იზორიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ხარჯების მატება ობიექტურმა გარემოებებმა გამოიწვია.
„ითქვა, რომ წარმომადგენლობითი ხარჯები არის ძალიან გაზრდილი. ხარჯების მატება გამოიწვია ობიექტურმა გარემოებებმა, კერძოდ, 2017 წლის დასაწყისში ჩვენ ვუმასპინძლეთ, ნატო-საქართველოს სამხედროს კომიტეტს და მხოლოდ ეს ვიზიტი ჩვენს ბიუჯეტს დაუჯდა დაახლოებით 400 000 ლარი.
დამეთანხმებით, რომ ასეთი ვიზიტების ორგანიზება, მათ შორის ფინანსური ხელშეწყობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოსთვის.
ასევე 2017 წელს გვქონდა, პირველად საქართველოში, სამხრეთ-აღმოსავლეთის მინისტერიალი, გვქონდა უპრეცენდენტოდ დიდი მასშტაბის კონფერენცია ბათუმში და რაც ასევე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ოფიციალური ვიზიტების რაოდენობით 2017 წელი გამორჩეული იყო. საუბარია სტუმრების რაოდენობაზე. მხოლოდ 2017 წელს გვესტუმრა 10 ქვეყნის თავდაცვის მინისტრები“,- განაცხადა იზორიამ.
რაც შეეხება ზოგადად სამინისტროს პოლიტიკას, რომელიც, იზორიას თქმით, თანხების ეკონომიას უკავშირდება, მინისტრმა განმარტა, რომ სამივლინებო ხარჯები ორჯერ შემცირდა.
ამასთან, ლევან იზორიას ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროში თანამდებობის პირს პირადი სარგებლობისთვის ავტომანქანის გამოყენება არ შეუძლია.
„გასულ წელთან შედარებით, სამივლინებო თანხები, მიუხედავად ჩვენი აქტივობისა, ორჯერ შევამცირეთ, ხოლო საწვავთან მიმართებაში ხარჯებით შევქმენით სამორიგეო პარკი. სხვათა შორის ესეც პირველად თავდაცვის უწყებაში, ანუ თანამდებობის პირი საჭიროებიდან გამომდინარე სარგებლობს ავტომანქანით. პირადი სარგებლობით ავტომანქანის გამოყენება არ შეუძლია. დანაზოგი ნახევარზე მეტი გვაქვს.
პატარა შედარებას გავაკეთებ – თუ 2017 წელს რვა მილიონ ნახევარი იყო საწვავზე ხარჯი, მარტო 2012 წელს 35 მილიონი იყო დახარჯული საწვავზე. ასე რომ, ხარჯები გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ ობიექტური გარემოებებით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა სხვა გარემოებებით“, – განაცხადა ლევან იზორიამ.