ლევან იზორია - სიცრუის ტელევიზიის თავდასხმები, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, ამორალურ ხასიათს იძენს
სიცრუის ტელევიზიის თავდასხმები, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, ამორალურ ხასიათს იძენს, – ასე შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ საგანგებო ბრიფინგზე ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია მისი ქონებისა და შემოსავლების შესახებ.
მისი განცხადებით, გარკვეულ მედიასაშუალებას აღიზიანებს თავდაცვის უწყების წარმატებები.
„ერთ-ერთი სიცრუის ტელევიზია გააქტიურდა თავდაცვის უწყების წინააღმდეგ, რომლის მიზანია, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის დისკრედიტაციით ქართულ შეიარაღებულ ძალებში გამოიწვიოს დემორალიზება, შექმნას ნეგატიური განწყობა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც შეიარაღებული ძალები განხორციელებული რეფორმებითა და წარმატებებით არის საერთაშორისოდ აღიარებული, როგორც სამაგალითო სტრუქტურა“, -განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ლევან იზორია ასევე გუშინ, ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუსას დასმულ ერთ-ერთ შეკითხვასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მინისტრის საკრედიტო დავალიანება მის სახელფასო ლიმიტს აღემატება.
„სიცრუის ტელევიზიის ერთ-ერთმა მატყუარა ჟურნალისტმა ბრძანა, რომ თითქოსდა აღებული მაქვს 700 000 კრედიტი, სინამდვილეში კი საკრედიტო ვალდებულება შეადგენს 145 000 დოლარს. ამასთან, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემი ოჯახის უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, მიწის ნაკვეთი შევიძინე და სახლის მშენებლობა ოჯახმა დაიწყო საჯარო სამსახურში ჩემი საქმიანობის დაწყებამდე იმ დანაზოგებით, რომელიც დამიგროვდა აკადემიური საქმიანობის შედეგად 2007-2012 წლებში, როგორც საქართველოში, ისე განსაკუთრებით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მოღვაწეობით. სახლის მშენებლობას კი ოთხი წელი დასჭირდა. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ აღნიშნული სახლი უკვე წლებია გაქირავებულია, რამაც მომცა კრედიტის აღების საფუძველი და საკრედიტო ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა, რითაც ავაშენე სახლი, სადაც ამჟამად ვცხოვრობ“, – განმარტა ლევან იზორიამ.
თავდაცვის მინისტრის თქმით, ყველა ფინანსური დეტალი გაწერილია მის დეკლარაციაში, რომელიც საჯაროა და ის თითოეული მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია. მისივე ინფორმაციით, სახლი 2015 წელს გაქირავდა, საიდანაც წლიურად შემოსავლის სახით, 39 000 დოლარს იღებს, ხელშეკრულება კი ხუთწლიანია. მინისტრის თქმით, ახალი სახლის ასაშენებლად მან და ოჯახის სხვა წევრებმა დამატებით საბანკო სესხებიც მიიღეს.
თავდაცის მინისტრი ამტკიცებს, რომ ერთ-ერთ ტელევიზიასთან ამ საკითხზე საკუთარი არგუმენტაციის მიწოდებას რეპორტაჟის მომზადების პროცესში უშედეგოდ ცდილობდა. როგორც იზორია ამბობს, ჟურნალისტური ეთიკის თანახმად, განსხვავებული აზრის არსებობა აუცილებელია რეპორტაჟში, რასაც მისივე შეფასებით, „სიცრუის ტელევიზია“ არ იზიარებს, რაც თავის მხრივ, მინისტრის განცხადებით, დემოკრატიის შემაფერხებელი ფაქტორია.