ლევან იზორია - სენატში წარდგენილი დოკუმენტით აშშ-ი საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, უცხადებს მტკიცე მხარდაჭერას
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ სენატში წარდგენილი დოკუმენტით აშშ-ი საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, უცხადებს მტკიცე მხარდაჭერას, რომელთანაც აქვს უპრეცედენტოდ მზარდი, პოზიტიური დინამიკა და ეს თანამშრომლობა მომავალშიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კონტექსტში გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის მოხსენების კომენტირებისას განაცხადა, სადაც რუსეთის მიერ სუვერენიტეტის ხელყოფასა და რუსეთ-საქართველოს ომზეა საუბარი.
„თითოეული განცხადება, მით უფრო, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიერ გაჟღერებული, არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო თანამშრომლობა და ეს არის არა მხოლოდ ქართული მხარის მიერ პოზიცია გაჟღერებული. ამერიკული მხარის მიერ ფიქსირდება პოზიცია, რომ არასოდეს ყოფილა ჩვენი თანამშრომლობა ასეთი დონის, როგორიც დღეს გვაქვს. ეს ეხება ყველა მიმართულებას და განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს.
ნებისმიერი საერთაშორისო ტრიბუნა და ნებისმიერი ფორმატი, სადაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდება, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და აუცილებელია, მომავალში სწორედ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არის მკაფიო სიგნალი, რომ ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, არასდროს შევეგუებით ოკუპაციის ფაქტს”, – განაცხადა ლევან იზორიამ.
აშშ-ის სენატის ასიგნებების კომიტეტზე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ 2020 ფისკალური წლისათვის მოთხოვნილი ბიუჯეტის განხილვისას აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის, პატრიკ შენაჰანისა და გაერთიანებული შტაბის მეთაურის, გენერალ დანფორდის წერილობით ანგარიშში რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრისას რუსეთის მხრიდან 2008 წელს საქართველოში შეჭრასა და ტერიტორიების ოკუპაციაზეა საუბარი.