ლევან იზორია საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ ესტუმრა, სადაც სამხედრო მოსამსახურეები სპეციალურ პროფესიულ განათლებას ეუფლებიან
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ ესტუმრა, სადაც სამხედრო მოსამსახურეები გადამზადებას გადიან და სპეციალურ პროფესიულ განათლებას ეუფლებიან.
თავდაცვის ძალების წარმომადგენლების გადამზადება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხდება, რომელიც სამხედრო პერსონალის კარიერის ტრანზიციის პროგრამის შემადგენელი ნაწილია და მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეებისთვის პროფესიული განათლების მიღებას და სხვადასხვა უნარ-ჩვევების ათვისებას.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობა თავდაცვის ძალების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალს შესაძლებლობას აძლევს, დაეუფლონ ისეთ სპეციალობებს, როგორიცაა შემდუღებელი (ელექტროსკალური), ელექტრიკოსი, მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი, სავალი ნაწილის ტექნიკოსი, ძრავის შემკეთებელი, ავტომობილის შემკეთებელი ელექტროტექნიკოსი და დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი.
ამჟამად, პროფესიული მომზადების ცენტრში „სპექტრი“, პროფესიული მომზადების ცენტრში „გლდანი“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გადამზადებას თავდაცვის ძალების 71 წარმომადგენელი (47 სამხედრო მოსამსახურე და 24 სამოქალაქო პირი) გადის.