ლევან იზორია - კანონის წინაშე ყველა, მათ შორის პრეზიდენტიც, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, არის თანასწორი
პროკურატურა აქტიურად მუშაობდა მყარი მტკიცებულებების შესაგროვებლად, რომ ბრალი წაეყენებინა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა.
მისი თქმით, პროკურატურას ჰქონდა საკმაოდ კარგი სამართლებრივი საფუძველი, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება მოეთხოვა.
„რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, პროკურატურა აქტიურად მუშაობდა მყარი მტკიცებულებების შესაგროვებლად, რომ ბრალი წაეყენებინა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის. ეს ბრალდებები არის ძალიან სერიოზული და შესაბამისად, პროკურატურას ჰქონდა საკმაოდ კარგი სამართლებრივი საფუძველი, რომ ექსტრადირება მოეთხოვა. ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც კანონის წინაშე, მათ შორის პრეზიდენტიც, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, არის თანასწორი და როდესაც არსებობს დანაშაულებრივი ფაქტები, ამაზე ყველამ უნდა აგოს პასუხი. როდესაც აღნიშნული თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დგება და ის გამყარებულია მტკიცებულებებით, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი ასეთი მაგალითებით უფრო მტკიცდება“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
12 თებერვალს, უკრაინის სახელმწიფი სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევის ერთ-ერთ რესტორანში დააკავა და ის პოლონეთში გააძევა.
პოლონეთმა მიხეილ სააკაშვილის რეადმისიის შესახებ უკრაინის თხოვნა დააკმაყოფილა.