ლევან იზორია - პრემიერის ხელმძღვანელობით უზრუნველვყოფთ იმ სტრატეგიულ ამოცანებს, რომლებიც მოქალაქეებისა და ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ლევან იზორიას განცხადებით, პრემიერის დავალების შესაბამისად, ეროვნული უსაფრთხოების სრულყოფილი კონცეფციის შექმნაზე მუშაობა დღეიდან დაიწყება.
როგორც იზორიამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, განახლდება საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტიც.
ამასთან, იზორიას თქმით, საბჭოს სხდომაზე ქვეყნის შიგნით არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, განსაკუთრებით კი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს.
„ბატონი პრემიერის დავალებით, ჩვენ დღეიდან აქტიურად შევუდგებით ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე მუშაობას, ასევე საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლებას. ჩვენ, ასევე, განვიხილეთ ქვეყნის შიგნით არსებული უუსაფრთხოების გამოწვევები, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უკავშრიდება, განსაკუთრებით განხილვის საგანი იყო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესები“ ,- განაცხადა ლევან იზორიამ.
იზორიას თქმით, სხდომის მონაწილეებმა კიბერუსაფრთხოების სფეროში სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხზეც იმსჯელეს.
„უსაფრთხოების საბჭოს ფორმატი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ბატონი პრემიერის ხელმძღვანელობით, უწყებები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ქვეყანაში უსაფრთხოებაზე, გააძლიერებენ ერთმანეთში თანამშრომლობის კოორდინაციას. განვსაზღვრავთ, ასევე, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან, კრიტიკული ინფრასტრუქტურის სიას და ეს ყოველივე იქნება მნიშვნელოვანი წინგადგმული ნაბიჯი საქართველოს თითეული მოქალაქის უსაფრთხოების, ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის და ამით უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, რათა სწორედ თითოეულის უსაფრთხოებით, ჩვენი ქვეყნის სტაბილური, დემოკრტიული განვითარებით შევქმნათ კეთილდღეობის წინაპირობა. უსაფრთხოების გარეშე კეთილდღეობა წარმოუდგენელია, ამიტომ, ჩვენ დღეიდან, ბატონი პრემიერის ხელმძღვანელობით, გაძლიერებული ძალისხმევით, კოორდინაციის მაღალი ხარისხითა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობის მაღალი დონით, უზრუნველვყოფთ იმ სტრატეგიულ ამოცანებს, რომლებიც თითოეული მოქალაქისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდება“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს მუდმივი წევრები – საქართველოს თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და თავდაცვის ძალების მეთაური.