ლევან იზორია ნატო-ს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის მეთაურს შეხვდა
ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ საერთო მიზნის მისაღწევად – გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა და უზრუნველვყოთ მეტი მშვიდობა და უსაფრთხოება, – ამის შესახებ ნატო-ს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის (SACT) მეთაურმა გენერალ დენის მერსიემ საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ, გენერალმა დენის მერსიემ ორმხრივი შეხვედრები თავდაცვის მინისტრთან და გენერალური შტაბის უფროსთან გამართა.
ლევან იზორიამ სტუმარს ნატო-ს ურყევი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და საქართველოს ნატო-სთან დაახლოებას ხელს უწყობს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, გენერალ დენის მერსიეს ვიზიტი საქართველოს როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის მიმართ, ალიანსის ურყევ მხარდაჭერას ადასტურებს.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ პროგრესს, რასაც საქართველომ ნატო-სთან თანამშრომლობის კუთხით მიაღწია. მხარეებმა ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესსა და კონკრეტულად, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრზე (JTEC) გაამახვილეს, რომელიც ნატო-ს ტრანსფორმაციის გაერთიანებულ სარდლობასთან მჭიდროდ თანამშრომლობს.
„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში სტუმრობა. საქართველოში პირველად ვიმყოფები. ნატო-ს ტრანსფორმაციის გაერთიანებულ სარდლობას საქართველოს ხელისუფლებასთან, შეიარაღებულ ძალებთან მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს. თქვენს მიერ ნატო-ს წინაშე აღებული ვალდებულებები ქვეყანას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საბოლოო გაწევრიანებამდე მიიყვანს. ძალიან საინტერესო დისკუსია მქონდა თავდაცვის მინისტრთან. მინისტრმა თავდაცვის უწყებაში გატარებული რეფორმები გამაცნო. გამოვყოფდი სამ ძირითად საკითხს – თავდაცვის ბიუჯეტი, შესაძლებლობების მოდერნიზაცია და ვალდებულება – საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო მისიებში და ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მეორე კონტრიბუტორი ქვეყანაა. ჩვენ ვხედავთ, როგორ მიიწევს საქართველო წინ, რათა დააკმაყოფილოს ნატო-ს მოთხოვნები. მოდერნიზაციის კუთხით მიღწეული პროგრესი ძალიან შთამბეჭდავია.
ვისაუბრეთ ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზე, რომელიც სამომავლოდ ძალიან საინტერესო მოდელს წარმოადგენს. ჩვენი პარტნიორობა პოლიტიკურ და სამხედრო ჭრილში ერთობლივად ასოცირდება. განვიხილეთ, რა გავაკეთეთ ჩვენ, ნატო-ს მხარემ საქართველოსთვის, თუ რამდენად კარგი გამოცდილებაა არსებითი პაკეტი სამომავლო პარტნიორობისთვის.
მოხარული ვარ, რომ პოლონეთში მდებარე ერთობლივ ძალთა წვრთნის ცენტრს მჭიდრო ურთიერთობა აქვს საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრთან, რომელიც ძალიან ღირებულია ნატო-სთვის. ჩვენ ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ ერთად, მათ შორის გვქონდა ძალიან წარმატებული ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლება ორი წლის წინ, 2019 წელს ვგეგმავთ მეორე მსგავს სწავლებას. ჩვენ ვაგრძელებთ ერთობლივად მუშაობას, რათა კიდევ უფრო დაიხვეწოს ერთობლივი სწავლება. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ საერთო მიზნის მისაღწევად – გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა და ვუზრუნველყოთ მეტი მშვიდობა და უსაფრთხოება. ეს ვიზიტი ძალიან სასარგებლოა საქართველოსა და ნატო-ს სამომავლო ურთიერთობებისთვის“, – განაცხადა გენერალმა დენის მერსიემ.