ლევან იზორია ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
ლევან იზორია ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ავიაციის მთავარი მარშალის სერ სტიუარტ პიჩის თავმჯდომარეობით ეწვია.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესმა სამხედრო პირმა ვიზიტი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან შეხვედრით დაიწყო.

როგორც საუბრის დასაწყისში ლევან იზორიამ აღნიშნა, ნატო-საქართველოს სწავლების ფარგლებში სამხედრო კომიტეტის ვიზიტი ალიანსსა და საქართველოს შორის სამხედრო სფეროში მტკიცე თანამშრომლობის დემონსტრირებაა.

მინისტრმა კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმებისა და ტრანსფორმაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენი ძალისხმევა სტრატეგიული მზადყოფნისა და ტოტალური თავდაცვის ამოცანებს ეფუძნება და მიზნად ისახავს ტერიტორიული თავდაცვისა და მდგრადობის შესაძლებლობების განვითარებას, ნატო-სთან თავსებადობის გაზრდასა და ნატო-ში გაწევრიანებისთვის მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფას.

ლევან იზორიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიმართ ნატო-ს ძლიერ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერაზე და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მნიშვნელოვან პრაქტიკულ მექამიზმს გაუსვა ხაზი, რომელიც საქართველოს ნატო-ში საბოლოო გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად ჩამოყალიბდა.

დღესვე, სასტუმრო „ბილტმორში“ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატში, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე, ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია წარუძღვებიან. ვიზიტის მეორე დღეს კი, ნატოს სამხედრო კომიტეტი ვაზიანის სამხედრო ბაზას ესტუმრება და საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC) მოინახულებს, ასევე გაეცნობა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას (GDRP). ვიზიტი წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დასრულდება, სადაც ალიანსის სამხედრო წარმომადგენლები ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების მიმდინარეობას დააკვირდებიან.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.