ლევან იზორია - მთავრობა მობილიზებულია, რათა პარტნიორებს მეტი კომუნიკაციით გავუძლიეროთ განწყობა, რომ ჩვენი ევროპული მისწრაფებები იქნება მუდამ ურყევი
მთავრობა მობილიზებულია, რათა პარტნიორებს მეტი კომუნიკაციით გავუძლიეროთ განწყობა, რომ ჩვენი ევროპული მისწრაფებები იქნება მუდამ ურყევი, – ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ განაცხადა.
ლევან იზორიას კითხვა დაუსვეს გერმანიის პოზიციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, გერმანია მხარს არ დაუჭერს საქართველოსთან მოლაპარაკებების გაახსნას, ვიდრე გამჭვირვალობის კანონი იქნება ქართული სამართლებრივი სივრცის ნაწილი.
იზორიას თქმით, გერმანელ კოლეგებთან საუბრისას მთავარი გზავნილი საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი ერთგულება იყო.
„მე და ჩემს კოლეგებს გვქონდა შესაძლებლობა ორმხრივი დიალოგის ფარგლებში განგვეხორციელებინა გარკვეული კომუნიკაცია, შეხვედრები ჩვენს ადგილობრივ კოლეგებთან. რა თქმა უნდა, მთავარი გზავნილი და პათოსი ამ საუბრებისა გახლავთ, რომ ჩვენ ვართ ერთგული ჩვენი მისწრაფებებისა, ჩვენი კურსი არის შეუქცევადი. ეს არ არის მხოლოდ სუბიექტური არჩევანი, ეს არის ჩვენი ერის არჩევანი და სწორედ ერის ამ მთავარი არჩევანის გარშემო მობილიზებულია მთავრობა. მათ შორის, ჩვენს პარტნიორებთან მეტი დიალოგით, მეტი კომუნიკაციით უნდა შევუქმნათ მათ რწმენა, გავუძლიეროთ განწყობა, რომ ჩვენი ევროპული მისწრაფებები იქნება მუდამ ურყევი“, – აღნიშნა იზორიამ.