ლევან იზორია - გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატებები, რითაც ვაკმაყოფილებთ ნატო-ს სტანდარტებს
თავდაცვის სამინისტროში რეფორმები იმ მიზნით ტარდება, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს, ნატო-ს სტანდარტებს დაუახლოვდეს და თითოეულმა მოქალაქემ თავი იგრძნოს უფრო დაცულად – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ყოველწლიური მოხსენებით გამოდის.
მინისტრს დეპუტატები თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. ლევან იზორია ძირითადად ყურადღებას თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილ რეფორმებზე ამახვილებს.
„რეფორმების შედეგად გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატებები, რითაც ვაკმაყოფილებთ ნატო-ს სტანდარტებს. ოპტიმიზაცია დავიწყეთ იმ მიზნით, რომ თანხები მიგვემართა თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.
სახელფასო ხარჯების 53% 2018 წლის თავდაცვის ბიუჯეტით მიემართება მხოლოდ ხელფასებზე და სოციალურ დახმარებაზე, რაც არის ნატო-ს სტანდარტი. მეორე მნიშვნელოვანი სტანდარტიც დავაკმაყოფილეთ, თანხები მივმართეთ შეიარაღებაზე. თავდაცვის ბიუჯეტი უნდა აკმაყოფილებდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს, რადაც ვაკმაყოფილებთ.
შეიარაღებისთვის ნატო ითხოვე, რომ ამ ბიუჯეტიდან 20% იყოს გათვალისწინებული, რასაც ვაჭარბებთ. ისტორიული მოვლენაა, რომ წელს შევიძინეთ ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინები“. წელს ასევე ვასრულებთ საფრანგეთთან ანტისარაკეტო სისტემის შეძენას, რომელიც პირველი ფაზით იყო გათვალისწინებული და გადავდივართ მეორე ფაზაზე“, – განაცხადა ლევან იზორიამ.