ლევან იზორია - გარკვეული კატეგორიის დანაშაულში მხილებული პირებისთვის ტენდერებში მონაწილეობისას შეზღუდვები უნდა დაწესდეს
გარკვეული კატეგორიის დანაშაულში მხილებული პირებისთვის ტენდერებში მონაწილეობისას შეზღუდვები უნდა დაწესდეს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ განაცხადა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც სამთავრობო პროგრამა და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება. სხდომაზე პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს სახელმწიფო უწყებების მიერ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გასამართლებული პირის, პეტრე დევრიშაძის კომპანიისგან შესყიდვების განხორციელების საკითხზე შეკითხვა დაუსვეს. დაზუსტების პროცედურის ფარგლებში, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის გიორგი კანდელაკის შეკითხვას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უპასუხა.
ლევან იზორიამ განმარტა, თუ როგორ ჩაიშალა ერთ-ერთი ტენდერი, სადაც პეტრე დევრიშაძე მონაწილეობდა. მისი თქმით, ტენდერი ჩაიშალა იქამდე, ვიდრე პეტრე დევრიშაძის ტენდერში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდებოდა.
ლევან იზორიამ კონტრდაზვერვის მიმართულებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. ლევან იზორიას განცხადებით, კონტრდაზვერვის სამსახურს არ ჰქონდა კონკრეტული საფუძველი, დაეზუსტებინა პეტრე დევრიშაძის აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა. თავდაცვის მინისტრის განმარტებით, ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა იმ პირს, რომელიც შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ კანონი თავდაცვის სამინისტროს ავალდებულებს, ტენდერში მონაწილე ყველა პირის ვინაობა იყოს ფარული.
„შესყიდვების კანონით, ყველას უნდა მოექცე თანაბრად, თანასწორად და დისკრიმინაციის გარეშე“, – აცხადებს ლევან იზორია.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია განისაზღვროს იმ კატეგორიის პირები, რომლებსაც, ზოგადად, ტენდერებში მონაწილეობა უნდა შეეზღუდოს და მან შესაბამისი დავალება უკვე გასცა. ამ კატეგორიაში ლევან იზორიამ ჯაშუშობის, ტერორიზმის, ფულის გათეთრებისა და კორუფციული დანაშაულის ბრალდებით ნასამართლევი პირები გამოყო. მისი განმარტებით, თუ რა რეგულაციით შეიძლება ასეთი პირებისთვის შეზღუდვების დაწესება შესაბამის უწყებებთან განიხილება.
ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ აუცილებელია ამ საკითხის საკანონმდებლო ინიცირება და პრემიერ-მინისტრმა პრობლემა მართებულად განსაზღვრა. მისი თქმით, კონსტრუქციული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი იქნებოდა აქცენტები სამართლებრივ ჭრილში გაკეთდეს.
„ყველას გვაქვს საერთო განწყობა, რომ გარკვეული კატეგორიის დანაშაულში მხილებული პირებისთვის შეზღუდვები დაწესდეს. ეს არის პრობლემა და სასურველია, სწორედ, სამართლის პოლიტიკის ჭრილში დავინახოთ ამ პრობლემის მოგვარების გზები“, – განაცხადა იზორიამ.