ლევან იზორია - განსაკუთრებული პატივია, ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ვიზეიმოთ ის დიდი წარმატება, რომელსაც ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლება ჰქვია
საქართველოსთვის განსაკუთრებული პატივია, ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად იზეიმოს ის დიდი წარმატება, რომელსაც ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლება ჰქვია, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატო-ს მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის მეთაურის მოადგილე, ადმირალ მანფრედ ნილსონთან გამართული ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა.
ლევან იზორიას განცხადებით, „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ს მთლიანად ახორციელებდა ქართული მხარე, რომელსაც წინ უძღოდა სერიოზული მომზადება.
„მახსოვს, 2016 წელს ადმირალ ნილსონთან როგორ შევთანხმდით სწავლების ჩატარებაზე და ძალიან მეამაყება, რომ ეს ჩანაფიქრი წარმატებით აღვასრულეთ. მინდა, განსაკუთრებით გამოვყო მისი როლი ამ საქმეში და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი საერთო წარმატების მიღწევისთვის. ეს გვაძლევს განსაკუთრებულ საფუძველს, მომავალში კიდევ უფრო დინამიკური გავხადოთ ნატო-საქართველოს შორის არსებული ისედაც უპრეცედენტო დინამიკა“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
როგორც თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, საქართველოს პროგრესის აღიარების კიდევ ერთი დასტური იყო საქართველოში რამდენიმე დღის წინ ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ჩამოსვლა, რომელმაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ განხორციელებული რეფორმები შთამბეჭდავი და სამაგალითოა ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის.
ამასთან, ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ სწავლების ფარგლებში გუშინ საქართველოს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ეწვია. მისივე თქმით, კომიტეტის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საქართველო დროის უმოკლეს პერიოდში აღწევს განსაკუთრებულ პროგრესს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე.
„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს თავდაცვის ძალებსა და მის მეთაურს. დღეს მახარებს ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა აღიარა რა ჩვენი წარმატება, სიმბოლურად სწორედ ამ სწავლების უშუალო ხელმძღვანელს, ქართველ ოფიცერს, პოლკოვნიკ ჯანჯღავას გამოუცხადა დიდი ნდობა და ის გახდება გენერალი. გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა, რომელიც გვაძლევს მყარ საფუძველს მომავალში, რათა უფრო დავუახლოვდეთ ნატო-ს, გავხდეთ მისი სრულფასოვანი წევრი ქვეყანა“, – განაცხადა იზორიამ.