ლევან იზორია - ჩვენი საერთაშორისო ურთიერთობები გადის ჩვენი ღირსების დაცვაზე
ჩვენი საერთაშორისო ურთიერთობები გადის ჩვენი ღირსების დაცვაზე, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა.
ჟურნალისტებმა ლევან იზორიას კითხვა დაუსვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებაზე, რომელიც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციას შეეხებოდა, რაზეც მინისტრმა აღნიშნა, რომ მის განცხადებას არ იცნობს.
როგორც ლევან იზორიამ განაცხადა, რუსეთთან პოლიტიკა არის დიალოგზე ორიენტირებული.
„დღითიდღე ვხედავთ საქართველოში რუსი ტურისტების საკმაოდ დიდ რაოდენობას, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ მეზობლების მიმართ, განსაკუთრებით ჩვენს მოსახლეობას კეთილგანწყობილი დამოკიდებულება აქვს. ჩვენ გვსურს მხოლოდ მშვიდობა და ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანად დაბრუნება. ასე რომ, პოლიტიკა, მათ შორის რუსეთთან, არის დიალოგზე ორიენტირებული. დღეს მე საჯაროდ განვაცხადე, რომ ჩვენი საერთაშორისო ურთიერთობები გადის ჩვენი ღირსების დაცვაზე, ღირსების დაცვა საერთაშორისო ასპარეზზე არის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები და სწორედ ამ საზღვრებზე გადის ქართველი კაცის ღირსების დაცვა“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი 13 აგვსიტოს რუსეთში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩს, ივ როსიეს შეხვდა. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, კარასინმა შეხვედრაზე საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციაზე ისაუბრა.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ადგილობრივი კრიმინალური ელემენტები საქართველოს მოქალაქეებში რუსეთის ვიზებზე მაღალი მოთხოვნისგან სარგებელს ნახულობენ.