ლევან იზორია - ჩვენი მთავრობის დამსახურებაა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ნატო-ში ინტეგრაცია სურს
ჩვენი მთავრობის ძალისხმევის დამსახურებაა ის, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს ნატო-ში ინტეგრაცია და ამაში, რა თქმა უნდა, ჩვენი უწყების მოკრძალებული წვლილიც არის, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ NDI-ის კვლევის იმ ნაწილის შედეგებზე კომენტარისას განაცხადა, რომელიც ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის საკითხს ეხება.
„გვახარებს ფაქტი, რომ ეს მზარდია. დარწმუნებული ვარ, მომავალში უფრო მზარდი იქნება. მით უფრო – ეთნიკური უმცირესობების ფარგლებშიც. ამის საფუძველს მაძლევს ის გარემოებაც, რომ ჩვენ, მაგალითად 2018 წელს, შემოვიღეთ ახალი სისტემა, როდესაც ჩვენი თანამოძმენი – აზერბაიჯანელი და სომეხი თანამოძმენი, წვევამდელების სახით საკუთარ ენაზე ეცნობიან გაზეთებს, ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რა რეფორმებს ვახორციელებთ, რა არის ჩვენი სტრატეგიული მიზნები.
ეს მცირე მაგალითიც ცხადყოფს, რომ ამ სტრატეგიული მიზნის გარშემო მოსახლეობის ინტეგრაცია, მით უფრო ეთნიკური უმცირესობების, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და სწორედ ამ მიმართულებით, როგორც უწყების ფარგლებში, ისე, რა თქმა უნდა, სტრატეგიული კომუნიკაციის დონეზე, არის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგმული“, – განაცხადა იზორიამ.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნულ პროცესში მედიის როლზე ისაუბრა.
„ახალი უსაფრთხოების საბჭოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მაძლევს საფუძველს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა მზარდი იქნება, და მათ შორის ეთნიკური უმცირესობის ფარგლებშიც.
ასე რომ, თქვენი, მედიის წვლილიც დიდია ამაში. მინდა, მადლობა გითხრათ, რადგან ეს არის საერთო ამოცანა და მისი განხორციელების ოპტიმალურ პირობებს ინფორმაციის სწორ მიწოდებაში, ანუ სტრატეგიულ კომუნიკაციაში ვხედავ. აქ თქვენ გადამწყვეტი თანამებრძოლები ხართ, ამ შემთხვევაში მთავრობისთვისაც, რომლის სტრატეგიული ამოცანა სწორედ ნატო-ში გაწევრიანებაა“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 78 პროცენტისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, გახდეს ნატო-ს წევრი.
შეკითხვაზე – მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, ქვეყანა გახდეს ნატო-ს წევრი, 78 პროცენტი პასუხობს, რომ „მისაღებია“, 13 პროცენტისთვის „მიუღებელია“, ხოლო შეკითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ 9 პროცენტმა მიუთითა.